გია ცაგარეიშვილი - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია არის სიყალბე, მძიმე მოსასმენია, მეგობარ სახელმწიფოს აბრალებდე იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა
გია ცაგარეიშვილი - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაცია არის სიყალბე, მძიმე მოსასმენია, მეგობარ სახელმწიფოს აბრალებდე იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს არის უბინძურესი პროვოკაცია, რაც კი უკანასკნელი თვეების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილა.

კერძოდ, ცაგარეიშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.

ცაგარეიშვილის თქმით, ეს ინფორმაცია თავიდან ბოლომდე არის სიყალბე, სიცრუე, შეთხზული ამბავი, რომელიც სინამდვილედაა გასაღებული და სურთ, საქართველოს მოსახლეობას თავს მოახვიონ.

„მახსოვს, როგორ გამოაგზავნეს საქართველოში სააკაშვილი განუბაჟებელ ტვირთად და როგორ განვითარდა მოვლენები მის დაკავებაზე. ამგვარი კონტრაბანდა ყველამ ერთად ვიხილეთ. ძალიან მძიმე მოსასმენია, მეგობარ სახელმწიფოს აბრალებდე იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს და წარმოუდგენელია. ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა და საქართველოს ხელისუფლება ნათლად განმარტავს, ეს ყველაფერი რატომ არის პასკვილი, რატომ არის სიცრუე. სამარცხვინოა, რომ ადამიანები უკრაინაშიც და აქ, ხატია დეკანოიძე ხმაშეწყობილად ავრცელებენ სიბინძურეს და სიცრუეს საქართველოს წინააღმდეგ. ამაში ყველა ჩართულია. ნახავთ, ჩვენი ოპონენტები, მოექსპერტო ტიპები როგორ დაეწყობიან და დაიწყებენ საკუთარი ქვეყნის ლანძღვას გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით. არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს და თუ მეგობარი ქვეყნიდან ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ, სრულად უნდა იყოს მოწოდებული და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მსგავსი მტკიცებულება არ გვინახავს. საუბარია იმაზე, თითქოს, საქართველო რუსეთს თავის საჰაერო სივრცეს უხსნის, მათ შორის სამხედრო დანიშნულების ტვირთებს. ასევე, თითქოს, ხდება ადამიანების რეკრუტირება სხვა ქვეყნებში და ისინი იყენებენ საქართველოს სატრანსპორტო დერეფნად. ეს არის სიბინძურე, არც ერთი ინფორმაცია არ არის დადასტურებული და ვერც დადასტურება. ვხვდები, ეს ყველაფერი საიდან მოდის. ეს ყველაფერი უნდა მოკითხოთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში ძებნილები უკრაინის ხელისუფლებაში ჩაბუდებულები ძირს უთხრიან საქართველოს და მის მომავალს, როგორიც არის, ლორთქიფანიძე, რომელიც 26 მაისის დარბევისთვის და ხალხის ხოცვა-ჟლეტვისთვის არის ბრალდებული, ასეთი ადამიანი უკრაინის კინტრდაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა. თურმე, „ქილერას“, რომელიც გლდანის დაწესებულებაში პატიმრებს აუპატიურებდა, პოლიტიკური თავშესაფარი მისცეს. შემიძლია, დავასახელო ბევრი ქართველი კრიმინალი, რომელიც იქ უხვად დაპურდა და ახლა ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს. ეს არის უმწარესი სიმართლე, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.