გია ცაგარეიშვილი - შემიძლია, დადასტურებულად განვაცხადო, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებთან დაკავშირებით არავითარი ფარული მოლაპარაკება არ მიმდინარეობს
გია ცაგარეიშვილი - შემიძლია, დადასტურებულად განვაცხადო, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებთან დაკავშირებით არავითარი ფარული მოლაპარაკება არ მიმდინარეობს

სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, ფორმალურად მაინც მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება, რადგან იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა არ გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხმების მოსაპოვებლად უმრავლესობის მხრიდან ოპოზიციასთან რამე ფარული მოლაპარაკება არ მიმდინარეობს.

„კონსტიტუცია დაარღვია უმაღლესი თანამდებობის პირმა, რომლის პირდაპირი მოვალეობაა კონსტიტუციის დაცვა. ეს პირდაპირ წერია შესაბამის თავსა და მუხლში. პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა შეფუთულია პროევროპულობაში. თურმე საქართველოს პრეზიდენტს ყველაზე მეტად შესტკივა გული ევროპულ ორიენტაციაზე და ყველაზე მეტად სურს, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. მისთვის ეს საკმარისია, საქართველოს კონსტიტუცია დაარღვიოს. არაფერი არ არის უფრო უზენაესი, მაღალი, ვიდრე ამ ქვეყნის კონსტიტუცია, მით უმეტეს, საქართველოს პრეზიდენტისთვის. მისი წინამორბედი თუ წინამორბედები რომ არღვევდნენ ყოველდღე კონსტიტუციას, თუ ეს არის მისთვის სამაგალითო შემთხვევა და ამ ნეგატიურ მაგალითს უნდა დაეყრდნოს ქალბატონი პრეზიდენტი, ეს კონსტიტუციის აღსრულების საკმაოდ ზედაპირული, მიუღებელი აღქმაა.

ყველაფერი ზედაპირზეა, ადამიანი კონსტიტუციას არღვევს. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, ფორმალურად მაინც მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. ფორმალურად, რადგან ამჟამად არ გვაქვს პარლამენტში იმდენი ხმა, რომ 100 ან 100-ზე მეტი იყოს, რაც იმპიჩმენტისთვის საკმარისია. პასუხი არ მაქვს, „ქართული ოცნების“ გარდა, ვინ მისცემს ხმას იმპიჩმენტს. არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და შემიძლია, დადასტურებულადაც გითხრათ, რომ ახლა ვინმესთან რამე ფარული მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. არავითარი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციის გამართვას, ცაგარეიშვილმა აღნიშნა:

„მათი უფლებაა, ეს პოლიტიკური პროცესია. უფლება აქვთ, პრეზიდენტთან რეზიდენციაში მიბრძანდნენ, მისი შეფასებები მოისმინონ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებზე. ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ის ინსინუაციები, რაც ზოგიერთი კოლეგისგან მოვისმინე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შესაძლოა, შეუერთდეს იმპიჩმენტის ინიციატივას, რადგან მათი წესიერების არ მწამსო, მეორე ამბობს, პრეზიდენტი თურმე დარწმუნებულია, „ქართული ოცნება“ 80 ხმას 100 ხმად გადააქცევს, ანუ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზეო – ეს ყველაფერი ყურით მოთრეული თემებია“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ დღეს განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმები მოაგროვოს.