გია ცაგარეიშვილი - სააკაშვილს უკვე თუ შეუძლია, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს, არც შიმშილობს, ეს ძალიან კარგია, იმედია, მალე გვამცნობენ, რომ წონაშიც მოიმატა და სასამართლო დარბაზებს დაუბრუნდება
გია ცაგარეიშვილი - სააკაშვილს უკვე თუ შეუძლია, პოლიტიკური განცხადებები აკეთოს, არც შიმშილობს, ეს ძალიან კარგია, იმედია, მალე გვამცნობენ, რომ წონაშიც მოიმატა და სასამართლო დარბაზებს დაუბრუნდება

სააკაშვილს უკვე თუ შეუძლია, პოლიტიკური განცხადებებიც აკეთოს, არც შიმშილობს, საკვებსაც იღებს, ეს ძალიან კარგია. იმედია, მალე გვამცნობენ, რომ წონაშიც მოიმატა და  სასამართლო დარბაზებს დაუბრუნდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული წელიწადნახევრიანი კამპანია სიყალბე იყო.

„კლინიკა „ვივამედში“ სრულად თუ გამოჯანმრთელდა, ყოველ შემთხვევაში, ისე გამოჯანმრთელდა, რომ უკვე შეუძლია, პოლიტიკური განცხადებებიც აკეთოს, არც შიმშილობს, საკვებსაც იღებს, ეს ძალიან კარგია. იმედია, მალე გვამცნობენ, რომ წონაშიც მოიმატა, დაუბრუნდება სასამართლო დარბაზებს. მას ბევრი სხდომა ელოდება წინ, რადგან პატიმარი სააკაშვილი ბევრ საქმეში ფიგურირებს და ძალიან კარგია, ითანამშრომლებს, შესაბამისს ჩვენებებს მისცემს. ბუნებრივია, ის ტრიბუნას პოლიტიკურად გამოიყენებს, მაგრამ ბრალდებას, პროკურატურასაც შეუძლია, შესაბამისი კითხვები დაუსვას, რომ ბრალი დადასტურდეს. მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ხედავს, რომ მისი შობილი პარტია, საკუთარი ხელებით გამოძერწილი პარტია თავზე ჩამოენგრა და დაუნდობელმა დაპირისპირებამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყველანაირი პერსპექტივა გაანადგურა. რა ფულიც არ უნდა ჩაასხას მეორე კრიმინალმა კეზერაშვილმა, არაფერი ეშველება „ნაციონალურ მოძრაობას“ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. მიხეილ სააკაშვილი ამასაც განიცდის. ახლა ის გამოჯანმრთელდა და გადახედეთ სოციალურ ქსელებს, მისი თავგამოდებული გულშემატკივრებიც, ეგრეთ წოდებული საექსპერტო წრეებიდან მას აკრიტიკებენ, დასცინიან. ის ყველაფრის ღირსია, ყველა კომენტარის, რასაც დღეს ვისმენთ, რადგან ორი წელია, ფაქტობრივად, ყოველდღიურად გვესმოდა, რომ გამოუვალ მდგომარეობაში იყო, მოწამლეს, საქართველოს ხელისუფლებას მისი მოკვლა სურს, ახლა კი ყველაფერი სხვა ჭრილში გამოჩნდა. მისი მშობელი და ადვოკატები, თანაპარტიელები ხშირად გაიძახიან, საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, მარგველაშვილმა ჩამოართვა მოქალაქეობაო, ეს არის სიცრუე. ოდესის გუბერნატორი გახდა და ამის გამო დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. ეს კიდევ ცალკე ტრაგედიაა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.