გია ცაგარეიშვილი - პრეზიდენტის მოწოდება, რომ პოლარიზაცია შემცირდეს და ადამიანებმა მნიშვნელოვან საკითხებზე მაინც ისწავლონ საერთო ენაზე საუბარი, მისასალმებელი და გასაზიარებელია
გია ცაგარეიშვილი - პრეზიდენტის მოწოდება, რომ პოლარიზაცია შემცირდეს და ადამიანებმა მნიშვნელოვან საკითხებზე მაინც ისწავლონ საერთო ენაზე საუბარი, მისასალმებელი და გასაზიარებელია

პრეზიდენტის მოწოდება, რომ პოლარიზაცია შემცირდეს და ადამიანებმა მნიშვნელოვან საკითხებზე მაინც ისწავლონ საერთო ენაზე საუბარი, მისასალმებელი და გასაზიარებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი და მას აქვს სრული უფლება, ამგვარი განცხადებებით გამოვიდეს.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ პრეზიდენტის განსაკუთრებული როლი, რომელიც გათვალისწინებულია კონსტიტუციით. ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, მით უმეტეს, მოწოდება იმაზე, რომ პოლარიზაცია შემცირდეს და ადამიანებმა მნიშვნელოვან საკითხებზე მაინც ისწავლონ საერთო ენაზე საუბარი, ვფიქრობ, მისასალმებელი და გასაზიარებელია. ჩვენ არავისთან არაფერი გასაყოფი არ გვაქვს, მათ შორის არც ჩვენთან მკვეთრად დაპირისპირებულ ადამიანებთან, თუ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ქალბატონ ზურაბიშვილსაც, ბატონ ჯაფარიძესაც, როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს. ასე რომ, ვფიქრობ, კარგის მეტი არაფრის მომტანი არ შეიძლება, იყოს ამგვარი განცხადებები.

ხშირ შემთხვევაში, არა მხოლოდ პრეზიდენტის განცხადებები, არამედ გადაწყვეტილებები, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენთვის ცოტა გაუგებარი იყო, მაგრამ ამისგან საჯილდაო ქვას ნუ შევქმნით და ნუ გამოვეკიდებით ერთმანეთს სიტყვებზე. სალომე ზურაბიშვილი არის ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მას აქვს სრული უფლება, ამგვარი განცხადებებით გამოვიდეს. ეს მისი მორალური მისიაც კი არის. ჩვენ ნებისმიერ ამგვარ მოწოდებებს მხოლოდ დადებითად ვხვდებით, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენად გაიგებს ამას, კაცმა არ იცის. ეს მგლის თავზე სახარების კითხვის არ იყოს, ასეა მაგათი ამბავი“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

დატოვე კომენტარი