გია ცაგარეიშვილი - ნეიტრალიტეტის თემა, რომელიც ცალსახად აზარალებს ქვეყნის ინტერესს, სააკაშვილმა „შემოაგდო“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მოხარკე პარტიებიც ფერხულში ჩადგნენ
ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს მიგითითებთ, დაეწაფეთ საქართველოს კონსტიტუციას და წაიკითხეთ, რა წერია, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ ხელისუფლებას ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი პოზიცია აქვს და ეს რამდენიმე წლის წინ კონსტიტუციაში „ქართული ოცნების“ მიერ ჩაიწერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცაგარეიშვილის განცხადებით, სამხედრო ნეიტრალიტეტის საკითხზე პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ იმას ამბობს, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
მისივე განცხადებით, ნეიტრალიტეტის თემა „შემოგდებული“ იყო, რომელიც ცალსახად აზარალებს ქვეყნის ინტერესს. ცაგარეიშვილის განცხადებით, ამ თემაზე ხელისუფლებას საუბარი არ დაუწყია და არც დაიწყებს.
„რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსისა“ და სააკაშვილის ინტერესების დამთხვევას, ეს ინტერესები დიდი ხანია, ერთმანეთს დაემთხვა. მას შემდეგ სულ მცირე, რაც ჩემდა გასაოცრად, „პატრიოტთა ალიანსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ ფერხულში ჩადგა, როცა მე-10 მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, მისი მუშაობის პარალიზებასა და ჩაშლას აპირებდნენ. მთელი ერთწლიანი აურზაური არაფრის გამო და შემდეგ განვითარებული პროცესებიც გახლავთ. აქედან მოყოლებული, ამ ორი ორგანიზაციის ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა და ამჯერადაც დაემთხვა. დააკვირდით, რა პერიოდულობით შემოვარდება ხოლმე ჩვენს საინფორმაციო სივრცეში ნეიტრალიტეტის თემა. სამი კვირის უკან, ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა „შემოაგდო“ ეს თემა. ამ თემაზე ხელისუფლებას საუბარი არ დაუწყია და არც დაიწყებს, ეს გამორიცხულია. ეს თემა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერისგან წამოვიდა. დღეების მანძილზე საუბრობდნენ, მათ შორის პარლამენტში და ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მოხარკე პარტიებიც ფერხულში ჩადგნენ. ჩვენ იმას გვიკიჟინებდნენ, რაც ჩვენ თავში არც გაგვიელვებია. მათი მეთოდია დაგაბრალონ ის, რაც შენ არც განგიზრახავს და შემდეგ ჩაგაყენონ თავის მართლების როლში. ნეიტრალიტეტის თემა „შემოგდებული“ თემა იყო, ეს ცალსახად აზარალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ახლა, ამ ომის პირობებში საქართველოს ნეიტრალიტეტის თემაზე დისკუსიების გაშლა ძალიან მძიმე დარტყმაა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. მოხარკე პარტიები გუშინ ამბობდნენ, რომ სააკაშვილი არის მურვან ყრუ და დღეს ამბობენ, რომ სააკაშვილი არის სიქსტეს კაპელის ხატიდან გადმოსული მადონა. ეს ბატონ გუბაზს ჰკითხეთ. ჩემთან ერთად 100 ათას კაციან მიტინგებს რომ ატარებდა და იქ ყვიროდა მიხეილ სააკაშვილზე და ახლა ანგელოზი აღმოჩნდა“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.