გია ცაგარეიშვილი - „ნაცმოძრაობის“ ბედოვლათმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღმაშენებელთან თუ დაღმაშენებელთან ერთად 16 პროცენტი გვიპყრია ხელთო, ეს აღიარებაა, რომ კატასტროფის წინაშე დგანან
გია ცაგარეიშვილი - „ნაცმოძრაობის“ ბედოვლათმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აღმაშენებელთან თუ დაღმაშენებელთან ერთად 16 პროცენტი გვიპყრია ხელთო, ეს აღიარებაა, რომ კატასტროფის წინაშე დგანან

გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ბედოვლათმა თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 20%-ს ქვემოთ არიან, აღმაშენებელთან თუ დაღმაშენებელთან ერთად 16 პროცენტი გვიპყრია ხელთო. ეს აღიარებაა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია, ფაქტობრივად, კატასტროფის წინაშე დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმკის იმას, რაც დიდი ხნის წინ დათესა.

„დიდი ხნის წინ რაც დათესეს,  ჯერ კიდევ 2000-იანებში, ის მოიმკეს 2023 წელს. სწორედ ასე აღვიქვამ ამ პროცესებს. უზარმაზარი ღვარძლი ერთმანეთის მიმართ, რომელიც ამ ადამიანებში ბუდობს და კონცენტრირდება ამ ეგრეთ წოდებულ პარტიაში, არსად დაიკარგებოდა. არ შეიძლება, ბოროტად ჩაფიქრებული საქმე ბოლოში კეთილად დასრულდეს. ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას რაც ახლა სჭირს, ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ დაუნდობელი, ბოროტი ადამიანები არიან შეკრებილი, რომლებიც, საკუთარი თავის გარდა, არაფერზე ფიქრობენ, მათ შორის არც საკუთარ ამომრჩეველზე. პირველ რიგში, ეს ხომ ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. პარტია არის იდენტური მოსაზრებების მქონე ადამიანების ერთობა. საკუთარ ამომრჩეველსაც არიან მოწყვეტილი, ამიტომ არის კასტური დაპირისპირება და ბრძოლა ძალაუფლებისთვის. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა მიმდინარეობს რამდენიმე მანდატზე, ვინ რა ადგილს დაიკავებს მომავალ პარტიულ სიაში. გუშინ როგორც მათმა ბედოვლათმა თავმჯდომარემ აღნიშნა, თურმე 20%-ს ქვემოთ არიან უკვე და აღმაშენებელთან თუ დაღმაშენებელთან ერთად, არ ვიცი, რა ჰქვია პარტიას, 16 პროცენტი გვიპყრია ხელთო. ეს აღიარებაა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია, ფაქტობრივად, კატასტროფის წინაშე დგას. ვფიქრობ, დაპირისპირება უფრო გაღრმავდება.

რა უბედურებაა ერთმანეთთან მანიფესტური ენით საუბარი – ხელს თუ არ მოაწერ, პარტიიდან გაგაგდებ, თუ მოაწერ, ჩემ გვერდით იქნები. ხელი რომ მოაწერონ და შემდეგ გადათქვან, რას აკეთებენ? სახლობანას თამაშს დაემსგავსა, გაბუტული ბავშვები კუთხეებში ცხვირაბზუებული რომ დგანან და ერთმანეთს ემდურიან. მიკვირს, აქამდე როგორ გაძლეს ერთ ჭერქვეშ, ასე თუ ვერ იტანდნენ ერთმანეთს, ერთ საქმეს როგორ ემსახურებოდნენ. მხოლოდ ბოროტება აერთიანებს ამ ადამიანებს, არაფერი სხვა მათ არ აკავშირებს. შექმნის დღიდან, 20 წელია, ამ ადამიანების ტანჯვა-წვალებას ვუყურებ და როგორ ტანჯავენ საკუთარ სამშობლოს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წლების განმავლობაში რაც აკეთა, ასე დაუფასდა და ასე დახვდა წინ. ქვეყნის ტანჯვა, საზოგადოების წამება არასდროს არავის შერჩენია. დაე, დაიშალოს ეს ბანდიტური სინდიკატი, მოშორდეს პოლიტიკურ სივრცეს და ამოასუნთქოს დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი. იქნებ სხვებმა გაბედონ და მათი ჩრდილიდან გამოვიდნენ, დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობა აწარმოონ, რისი სრული საშუალებაც ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.