გია ცაგარეიშვილი - „ნაცმოძრაობაში“ ფიქრობენ, ნეგატიური შედეგი თუ იქნება კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, ეს გამოიყენონ, რომ როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს არა არჩევნების გზით
გია ცაგარეიშვილი - „ნაცმოძრაობაში“ ფიქრობენ, ნეგატიური შედეგი თუ იქნება კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, ეს გამოიყენონ, რომ როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს არა არჩევნების გზით

„ნაციონალური მოძრაობა“ ეცდება ყველაფერს, რომ ხელისუფლება საქართველოში ძალისმიერი მეთოდით შეცვალოს. 2024 წლამდე საქართველოში არჩევნები არ იქნება, ამიტომ ახლა ისინი ფიქრობენ, რომ თუ ნეგატიური შედეგი იქნა კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, ეს გამოიყენონ, გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, ამას ყველანი ერთხმად ამბობენ, სამადაშვილი, მალაშხია, სხვები, რომ როგორმე დაამხონ ხელისუფლება, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლა გადის მათ შორის საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებზე და საქართველო ძმათამკვლელ ომში არ ჩაერთვება.

„არასრულ 10 წელიწადში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხრა არჩევნები წააგო. არჩევნებს გზით ხელისუფლების შეცვლა არ გამოდის, ამაზე ჩამოვყალიბდით. 2024 წლამდე საქართველოში არჩევნები არ იქნება, ამიტომ ახლა ისინი ფიქრობენ, თუ ნეგატიური შედეგი იქნა კანდიდატობის სტატუსთან დაკავშირებით, ეს გამოიყენონ, გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, ამას ყველანი ერთხმად ამბობენ, სამადაშვილი, მალაშხია, სხვები, რომ როგორმე დაამხონ ხელისუფლება. ყველაფერს გამოიყენებენ, ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს საქართველოში არა არჩევნების გზით, ქვეყნის შიდა თუ საგარეო პრობლემების გამოყენებით, ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის.

ნაცვლად იმისა, რომ ერთი გეზით ვიაროთ ევროკავშირისკენ, ცდილობენ ამ გზაზე საქართველოს შეფერხება შეუქმნან. ამაზე პარტიის თავმჯდომარემ გუშინ ღიად ისაუბრა. ხელისუფლების შეცვლა გადის მათ შორის საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობებზე. ჩვენ ღიად და საჯაროდ ვთქვით, რომ ეს ვერ მოხდება „ქართული ოცნების“ ხელში, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, საქართველოს დამანგრეველ ძმათამკვლელ ომში ვერ ჩავერთვებით. კითხვას ვსვამ ძალიან მარტივს, ვის უნდა ეომოს საქართველო თავის მიწა-წყალზე, თავის თანამოქალაქეებს? აფხაზებს, აფხაზეთში, ოსებს ცხინვალის რეგიონში? თუ ვინმე სხვებს ვეომებით? ჩვენ რიგით მერამდენე ძმათამკვლელ ომში ქვეყანას არ გადავჩეხავთ ერთი უმთავრესი მიზნის გამო – არ ვაპირებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ძალისმიერი გზით აღდგენას. დიალოგს ჩვენს თანამოძმეებთან – აფხაზებთან და ოსებთან ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არ გვინდა ომი არავისთან ამ რეგიონში. ამიტომ, რა მცდელობებიც არ უნდა იყოს, რა მიზეზიც არ უნდა გამოიყენოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქედან არაფერი გამოვა. ამის გამკეთებელი „ქართული ოცნება“ არ არის. 2024 წლამდე ჩვენ ვართ ხელისუფლების სათავეში. ვინმეს თუ სხვა მიზნები ამოძრავებს მიაღწიოს წარმატებას არჩევნებზე და შემდეგ დავინახავთ მათ ზრახვებსაც. არჩევნებში წარმატების მიღწევის ნულოვანი შანსი აქვთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.