გია ცაგარეიშვილი - მშვიდობა ჩვენი უპირობო არჩევანია, ჩვენგან მუდმივად ისმის მშვიდობის ნოტები, „ნაციონალური მოძრაობისგან“ კი - დარბევის, დამხობისა და ტანკებით გადავლისკენ მოწოდებები 
გია ცაგარეიშვილი - მშვიდობა ჩვენი უპირობო არჩევანია, ჩვენგან მუდმივად ისმის მშვიდობის ნოტები, „ნაციონალური მოძრაობისგან“ კი - დარბევის, დამხობისა და ტანკებით გადავლისკენ მოწოდებები 

არავის ვურჩევ იმგვარი განცხადებების გაკეთებას, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო დაპირისპირების, ქართველების ურთიერთწაკიდებისკენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფი მხარდამჭერების მუქარის შემცველ განცხადებაზე კომენტარისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს.

„ეს ყველაფერი გვაგონებს არცთუ შორეულ, გასული საუკუნის 90-იან წლებს, როცა საქართველოში, თბილისში, საშინელი ფორმები შეიძინა სამოქალაქო დაპირისპირებამ, როცა ქართველი ქართველს გამალებით უშენდა ტყვიას. ამგვარ რიტორიკას ყოველთვის ვაკავშირებ ამ მოვლენებთან. ჩვენ დაღი დაგვამჩნია 90-იანმა წლებმა, საშინელმა სამოქალაქო დაპირისპირებამ და ქართველის მიერ ქართველის სასიკვდილოდ გამეტებამ; პირველი პრეზიდენტის საშინელმა დევნამ, მისმა სიკვდილმა გაურკვეველ ვითარებაში. ეს ყველაფერი არავის დავიწყებია. ყოველთვის, როდესაც ასეთი მოწოდებები მესმის, მეხსიერებიდან დანგრეული რუსთაველის გამზირის საშინელი სურათები ამომიტივტივდება ხოლმე. იმ თაობას წარმოვადგენ, რომელმაც ეს ყველაფერი გამოიარა და რაც ჩვენ არასოდეს დაგვავიწყდება.

მას შემდეგ ეს ქვეყანა წელში ვერ გასწორდა და ძალიან დიდი პრობლემა სწორედ იმ წლებიდან მოდის. ასეთი ღია განცხადებები, მუქარები – მიწასთან გაგასწორებთ ტანკებით, დაგარბევთ, დაგამხობთ, რა თქმა უნდა, ადამიანებს ავადსახსენებელ დღეებს თუ წლებს ახსენებს. არ მინდა, ეს ჩემს ქვეყანაში ოდესმე განმეორდეს. ამიტომ არავის ვურჩევ იმგვარი განცხადებების გაკეთებას, რომლებიც მიმართულია სამოქალაქო დაპირისპირების, ქართველების ურთიერთწაკიდებისკენ.

ჩვენ, ხელისუფლება, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ამ ქვეყანაში აღარასდროს მოხდეს და სამოქალაქო მშვიდობა დაცული იყოს. ეს ჩვენი უპირობო არჩევანია, ამით გამოვირჩევით „ნაციონალური მოძრაობისგან“. ჩვენგან მუდმივად ისმის მშვიდობის ნოტები, მოწოდება მშვიდობისკენ, იქიდან კი მუდმივად მოისმის მოწოდებები დარბევისკენ, დამხობისკენ, ტანკებით გადავლისკენ, უბედურებისკენ, სიკვდილისკენ. ხალხმა მარტივად უნდა შეადაროს ეს ყველაფერი და შორს მიმავალი დასკვნები გააკეთოს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მყოფმა მხარდამჭერებმა მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელეს. ნოდარ ყარალაშვილი საქართველოში „აფხაზეთიდან ტანკებით შემოსვლას“ აანონსებს. ვიდეომიმართვაში, რომელიც ყარალაშვილმა სააკაშვილის კიდევ ერთ მხარდამჭერთან, ჯაბა წულაძესთან ერთად ჩაწერა, კრიტიკა ისმის „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი ხელმძღვანელობის მიმართაც. ყარალაშვილი და წულაძე პარტიის წევრებს შიდაპარტიულ არჩევნებში გიორგი მუმლაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, ნიკა მელიამ სააკაშვილი საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა და ახლა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად არაფერს აკეთებს.