გია ცაგარეიშვილი - მახსენდება, როგორ მოკლა სააკაშვილის რეჟიმმა სერგო თეთრაძე, რასაც სააკაშვილზე დასკვნაში ვკითხულობთ, ამ ჯოჯოხეთთან შედარებით გაფერმკრთალებულია
გია ცაგარეიშვილი - მახსენდება, როგორ მოკლა სააკაშვილის რეჟიმმა სერგო თეთრაძე, რასაც სააკაშვილზე დასკვნაში ვკითხულობთ, ამ ჯოჯოხეთთან შედარებით გაფერმკრთალებულია

ეს ყველაფერი სასაცილოდ ჟღერს იმასთან შედარებით, რაც პატიმრებმა სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში გაიარეს, თან რა დონის და რა მასშტაბის წამება, ადამიანები ჯურღმულებში იყვნენ და უამრავი პატიმარი წამებით სწორედ იქ გარდაიცვალა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის“ მიერ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებაზე საუბრისას განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ გიგანტურ შედეგს მიაღწია პატიმრების ღირსეულ პირობებში ყოფნის საკითხში.

„მახსენდება, სერგო თეთრაძე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა როგორი წამებით მოკლა. რასაც ახლა დასკვნაში ვკითხულობთ, ამ ჯოჯოხეთთან და უბედურებასთან შედარებით აბსოლუტურად გაფერმკრთალებულია. რაც პენიტენციურ სისტემაში ხდება, უდიდესი მიღწევაა. ხელისუფლება არა მხოლოდ მშვიდობით და წელში გამართვით ფასდება, არამედ იმით, თუ როგორ ექცევა და რა მდგომარეობაში იხდიან ადამიანები სასჯელს. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი ინდიკატორია წარმატებული და დემოკრატიული საზოგადოების. თუ გაიხსენებთ, მათ საშინელ წლებში რა ხდებოდა, სხვაობას მიხვდებით. ხელისუფლებამ გიგანტურ შედეგს მიაღწია, რასაც ჰქვია პატიმრების ღირსეულ პირობებში ყოფნა. დასკვნაც ცხადყოფს, რომ სხვაობა თვალში საცემია და გიგანტურია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გია ცაგარეიშვილის განცხადებით, სააკაშვილის მომხრეებმა პატიმრებთან მოპყრობის საკითხში წინა ხელისუფლებასა და ამჟამინდელს შორის შედარებისგან თავი უნდა შეიკავონ.

„სააკაშვილის მომხრეებს ვურჩევ, აქ მაინც ენას კბილი დააჭირონ, შედარებებისგან თავი შეიკავონ და გაიხსენონ, ავაზაკი ყოფილი პრეზიდენტი ადამიანებს როგორ აწამებდა და სულს ხდიდა საქართველოს ციხეებში. ამდენი წელი გავიდა და ეს ადამიანები ჯერ კიდევ ვერ მოხვდნენ, მათ ძალაუფლება რატომ გამოეცალათ. იმჟამინდელი საქართველოს მთავარი გამოწვევა უმუშევრობა და ეკონომიკა კი არ იყო, არამედ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, სამშვიდობო აქციებს დაუნდობლად არბევდნენ და ბიზნესის ტერორი იყო. სააკაშვილის რეჟიმი სწორედ ამან ჩამოშალა და მათ დღემდე იმის აღიარება არ უნდათ, რომ მათ ხელში სახელმწიფო მანქანამ ყველა და ყველაფერი გადაფქვა. სიცოცხლესა და სიკვდილს შორის კვალი წაშალეს, რასაც დღემდე არ აღიარებენ. სპექტაკლი გახსოვთ, რომელშიც, სხვათა შორის, ბევრი ევროპარლამენტარიც იყო ჩართული და რის გამოც სააკაშვილის ოჯახმა მილიონობით ლარი დახარჯა. ეს ყველაფერი იმას ემსახურებოდა, რომ როგორმე სააკაშვილი წამების მსხვერპლად წარმოეჩინათ. მათი მიზანი იყო, ისეთი სურათი დაეხატათ, რომ თითქოს „ვივამედის“ ექიმები პატიმარ სააკაშვილს აწამებდნენ. ამ ადამიანმა სახელმწიფოს ათასი რამე დააბრალა – თითქოს მოწამლული იყო და უფლებები ეზღუდებოდა. არადა, დღე არ გავიდოდა, რომ მის სანახავად დეპუტატები, ოჯახის წევრები და მის მიერ წამოჩიტული ავაზაკი გოგო-ბიჭები არ შესულიყვნენ. ჩვენკენ იშვერდნენ ხელს, თითქოს პატიმარი სააკაშვილის უფლებებს ვარღვევთ, და სად? – კომფორტულ, ოროთახიან პალატაში, საავადმყოფოში“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

„წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი“ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილისა და იქ მყოფი სხვა პატიმარი პაციენტების პირობების შესახებ შეფასებას აქვეყნებს და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ყველა პატიმარი, რომელიც „ვივამედის“ დაცულ ნაწილში იმყოფებოდა, დათანხმდა იქ მკურნალობას ნებაყოფლობით ან საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე. მათი უმრავლესობა კმაყოფილია მიღებული მკურნალობით.

„თითქმის ყველა ოთახს დიდი ფანჯრები ჰქონდა, რაც უზრუნველყოფდა კარგ ბუნებრივ განათებას და სასიამოვნო ხედს. თუმცა ეს არ ეხებოდა სააკაშვილის ოთახს, სადაც ფანჯრებში დაბურული შუშა იყო ჩასმული და პრაქტიკულად არ იღებოდა (კლინიკაში მიღების შემდეგ, ცხრა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში). ამ კონტექსტში, საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა კომიტეტს თავის 2023 წლის 12 აპრილის წერილში, რომ ფანჯრებში დაბურული შუშები შეიცვალა და ბ-ნ ს.-ს მიეცა გარე ხედისა და მზის შუქის ხილვის საშუალება. კომიტეტი მიესალმება ამ პოზიტიურ ნაბიჯს. სააკაშვილის ოთახი კარგად მოწყობილია (მას ჰქონდა დივანი, მაგიდა, სკამები და მაცივარი), განსხვავებით მე-4 და მე-6 სართულების ოთახებისა, სადაც პაციენტების ოთახებში ძირითადად მხოლოდ საწოლები და პატარა კარადები იყო განთავსებული, არ ჰქონდათ სკამები და მაგიდები (გარდა რამდენიმე ოთახისა, სადაც უფრო მძიმედ დაავადებული პაციენტები იმყოფებოდნენ), რაც ნიშნავდა, რომ პაციენტებს საკვების მიღება მხოლოდ საწოლზე მჯდომარეებს შეეძლოთ (არ იყო გამოყოფილი სასადილო ოთახები). დელეგაციამ ნათლად დაინახა, რომ პაციენტების უმეტესობა არ იყო საწოლზე მიჯაჭვული. კომიტეტი „ვივამედის“ კლინიკის მე-4 და მე-6 სართულების პაციენტების ოთახების ავეჯით უზრუნველყოფის რეკომენდაციას იძლევა, ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია კომიტეტის შეფასებაში.