გია ცაგარეიშვილი - გზა, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს, არის ხელისუფლების დამხობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა
გია ცაგარეიშვილი - გზა, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს, არის ხელისუფლების დამხობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა

გზა, რომელსაც ოპოზიცია გვთავაზობს, არის ხელისუფლების დამხობა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ჩვენ ეს კატასტროფა გამოვიარეთ, ეს ტრაგედია უკან მოვიტოვეთ და იმის მერე წელში ვერ გავსწორდით. ვგულისხმობ 90-იანი წლების მოვლენებს, პირველი ეროვნული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას და ზვიად გამსახურდიას მოკვლას სამეგრელოში. ამის მერე წელში ვერ გასწორდა ქვეყანა. ამის მერე გვახსოვს კიდევ მეორე გადატრიალება, რომელსაც „ვარდების რევოლუცია“ დაარქვეს და ამას რა მოჰყვა ქვეყანაში, ყველამ ძალიან კარგად იცის. ეს გახსოვთ თქვენ და ახსოვს უამრავ მოქალაქეს, მაგრამ არ ახსოვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ ლიდერებს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისი თქმით, ოპონენტებს უნდათ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს 3 ივლისის აქცია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის ორგანიზებული, მაგრამ სინამდვილეში, „ნაციონალური მოძრაობა“ სრულიად საქართველოს არის მოდებული და ხალხის თბილისში ჩამოყვანას ცდილობს.

„გვინდა, მოქალაქეებს ყოველთვის ახსოვდეთ, რა შეიძლება, ამ ქვეყანაში მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების დამხობა მოხდება ამ ავაზაკების მიერ. რა თქმა უნდა, ხვალინდელი აქცია მათი ორგანიზებულია და ამ აქციის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“, ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ჩვენ გვაქვს ერთადერთი გზა – კონსტრუქციული თანამშრომლობის და ერთმანეთის მოსმენის. ბოლოსდაბოლოს, ეს უნარები უნდა გამოვამჟღავნოთ, თუ გვინდა, ნორმალურ საზოგადოებას დავემსგავსოთ, იმ საზოგადოებას, სადაც ადამიანებს შეუძლიათ, ერთმანეთს მოუსმინონ“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა სცენარით შეიძლება, განვითარდეს მოვლენები იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის ნაწილი ამ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე არ მოდის, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ წამოყენებულია მოთხოვნები, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს და მას აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის ნაწილი თანამშრომლობაზე წავა.

„ჩემი გამოცდილების ადამიანი ამას არ უნდა ამბობდეს, მაგრამ მეტ-ნაკლებად, მაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია პოზიციას შეიცვლის და თანამშრომლობაზე წამოვა. მინდა, ეს მოლოდინი არ გამიქარწყლდეს, ბოლოსდაბოლოს, ეს ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ, გავიაროთ ამ ბეწვის ხიდზე და ავცდეთ ომსა და უბედურებას“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

როგორც ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებამ ქვეყანა მშვიდობის გზით უნდა ატაროს, სულ მცირე, 2024 წლამდე, როცა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში ძალით, დამხობით, სისხლისღვრით, მუშტის მოღერებით, ადამიანების წამებით და ხოცვა-ჟლეტვით ხელისუფლება აღარ შეიცვლება. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მისივე თქმით, თუ პოლიტიკური სპექტრი ერთად მუშაობას მოახერხებს, საქართველოს დეკემბერში ევროინტეგრაციის გზაზე უპირობოდ ექნება ძალიან დიდი წარმატება.

„სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას ნამდვილად არ აქვს და ეს ყველამ უნდა გავიგოთ. ყველაფერი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად და ყველამ უნდა გავიგოთ, რომ საქართველო არის დასავლური, ევროპული ცივილიზაციის ნაწილი და ერთხელ და სამუდამოდ, ამ აზრის გარშემო უნდა გავერთიანდეთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

დატოვე კომენტარი