გია ცაგარეიშვილი - ევროკავშირის 12 პუნქტში პირველი არის დეპოლარიზაცია, ოპოზიციის წარმომადგენლები კი მუქარის ენით საუბრობენ, რუსთაველს გადავკეტავთო
გია ცაგარეიშვილი - ევროკავშირის 12 პუნქტში პირველი არის დეპოლარიზაცია, ოპოზიციის წარმომადგენლები კი მუქარის ენით საუბრობენ, რუსთაველს გადავკეტავთო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში თუ არის წარმოდგენილი, საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ყველა პროცესში უნდა იყოს ჩართული და გაუგებარია სხდომების ბოიკოტირება.

„ვერაფერს ვიტყვი მათი წახნაგების მრავალფეროვნებაზე, საკმაოდ რთული და უმადური საქმე და ხშირ შემთხვევაში გამოუცნობი, მაგრამ მეორე მხრივ, საკმაოდ ტლანქი და პრიმიტიული. როგორც კი იწყება საშემოდგომო სესია, ქვეყანას ცხელი შემოდგომით ემუქრებიან. გადაივლის საშემოდგომო სესია, მოვა თებერვლის თვე და იმუქრებიან ცხელი გაზაფხულით. ასე სეზონიდან სეზონამდე ჩვენი ოპოზიცია გადაიქცა თავისი ინტერესების ერთგვარ გამომხატველად, რომელიც მორგებულია ხოლმე ამინდის პროგნოზზე და რთულ, თუ მარტივ მეტეოროლოგიურ პირობებზე. თუ პარლამენტში არიან და აქ მუშაობენ, უნდა იყვნენ ჩართული აქ მიმდინარე ყველა პროცესში. არ მესმის ამგვარი ბოიკოტირება სხდომების, მუშაობის. მეც მქონია ამგვარი მწარე გამოცდლება და ამას არაფერი სასიკეთო არ მოუტანია არც ჩემთვის, არ იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, რომელსაც მაშინ მე წარმოვადგენდი, არც ქვეყნისთვის და არც ჩემი ამომრჩევლისთვის. სჯობს, დაბრუნდნენ დარბაზებში, იმუშაონ ჯგუფებში და შემოვიდნენ ჩვენთან დებატებში. მხოლოდ დავაში იბადება ჭეშმარიტება. პარლამენტია ის ადგილი, სადაც ჩვენ უნდა ვიდავოთ კონკრეტულ თემებზე და განვიხილოთ საკითხები“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ამასთან, ცაგარეიშვილის თქმით, აუცილებელია დიალოგი, მსჯელობა სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით და წარმოუდგენელია ამ პროცესიდან გარიდება.

„ჩვენ 12 რეკომენდაცია უნდა შევასრულოთ, ამას წყალი არ გაუვა. რაც შეეხება სახალხო დამცველის საკითხს, ჩვენ ოპოზიციის ხმების გარეშე ვერავის ავირჩვით. აუცილებელია დიალოგი და მსჯელობა კანდიდატურასთან დაკავშირებით. ამ პროცესიდან გარიდება და ვიღაცის ზურგ უკან ამოფარება წარმოუდგენელია. იქნებ, ცუდი კანდიდატია ის კანდიდატი, ვისაც არასამთავრობო ორგანიზაციები წარადგენენ, მათი არჩევანი აპრიორად მისაღებია? მაშინ კონსტიტუციაში ავსახოთ ეს ყველაფერი და გადავაქციოთ ცხოვრების წესად, რომ რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები იტყვიან, ისე უნდა ვიცხოვროთ. ეს ხომ წარმოუდგენელია. ამიტომ მოვიწვიეთ ყველა ოპოზიციდან სასაუბროდ და რა გააკეთეს, მიატოვეს ჯგუფი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ თანხმობა განაცხადეს მუშაობაზე, შემდეგ ვაშაძე გამოვიდა. პარტიაში სულ ორი ადამიანია, ვაშაძე და მანჯგალაძე. ვაშაძე ამბობს, მანჯგალაძემ არ იცოდა, რომ შეხვედრაზე არ უნდა მისულიყოო. მესამე ვინ არის პარტიაში, ვის უნდა გაეგებინებინა? ორმა ადამიანმა ერთმანეთს ვერ გააგებინა, ვინ სად და როგორ უნდა წავიდეს. ერთმა მეორეს დააბრალა, რომ მას ვუთხარი, შეხვედრაზე არ უნდა მიხვიდე, ის არ დამემორჩილა და მაინც აპირებდა შეხვედრაზე მისვლასო. ამ ორკაციან პარტიაში ერთმანეთში რომ ვერ გაურკვევიათ, ვინ სად უნდა მოვიდეს და ამისთვის პროცესს შლიან, ეს გაუგებარი და წარმოუდგრნელი ამბავია.

გაერიდონ ამ პროცესს, ისევ ოთახში ჩაიკეტონ და იქიდან მუშტი მოგვიღერონ, თანაც დაგვამუნათონ და გვითხრან, რომ თუ არ გააკეთებთ იმას, რასაც ჩვენ გეუბნებით, ქუჩაში გავცვივდებით და ცხელ შემოდგომას მოგიწყობთ, რა ვიცი. სხვათაშორის, 12 პუნქტში პირველი პუნქტი დეპოლარიზაციაა და ამ ადამიანებს დეპოლარიზაციისკენ მიყავთ საქმე? მუქარის ენით გესაუბრებიან, შენ თუ ამას არ გააკეთებ, რუსთაველს გადავკეტავო. ეტყობა, ჩარკვიანისგან ლეიბებს ისესხებენ ან შემდეგ იჩუქებენ და რუსთაველზე კოლექტიურად გაკოტრიალდებიან. ამით ამ ქვეყანაში ვერავის შეაშინებ, მით უმეტეს, ამ ხელისუფლებას“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.