გია ბუღაძე - მივესალმები ჩემს ლეგენდარულ და დიდ პრეზიდენტს, მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილს, მხოლოდ მას შეუძლია, მართლა იხსნას საქართველო, თითქოს ზვიად გამსახურდიას სული გადმოვიდა სააკაშვილში
გია ბუღაძე - მივესალმები ჩემს ლეგენდარულ და დიდ პრეზიდენტს, მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილს, მხოლოდ მას შეუძლია, მართლა იხსნას საქართველო, თითქოს ზვიად გამსახურდიას სული გადმოვიდა სააკაშვილში

მივესალმები ჩემს ლეგენდარულ, დიდ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ასევე მივესალმები ზვიად გამსახურდიას სულს, რამდენჯერ მინახავს დიდი ზვიადი, აი, აქ, როგორ აღგვანთებდა ხოლმე, – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ პარლამენტის წინ, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მოგესალმებით, ქართველებო, მივესალმები ჩემს ლეგენდარულ და დიდ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. რა თქმა უნდა, მე სამხედრო არ ვარ, მაგრამ გულით მეომარი ვარ, ამიტომ ჩემს მთავარსარდალს კიდევ ერთხელ ვუსურვებ ჯანმრთელობას, თავისუფლებას და, რაც მთავარია, საქართველოსა და უკრაინისთვის ბრძოლას. რადგან მხოლოდ მას შეუძლია, მართლა იხსნას საქართველო. ამ კაცს აქვს ის, რაც, სამწუხაროდ, არ აქვს უმეტესობას პოლიტიკოსებისას.

ასევე მივესალმები ლეგენდარული, დიდი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სულს, რადგან ის ჩვენ აქ გვიყურებს. რამდენჯერ მინახავს დიდი ზვიადი, აი, აქ, როდესაც აქ იდგა და როდესაც მოგვიწოდებდა, როგორ აღგვანთებდა ხოლმე. მივესალმები, რა თქმა უნდა, მერაბ კოსტავას სულს. სწორედ ამ დღეს, 9 აპრილს ბატონი მერაბის სიტყვები იყო, რომელმაც მოგვცა ენერგია, ძალა და გამძლეობა.

როდესაც მე, ახალგაზრდა ბიჭმა ზვიად გამსახურდიას დისერტაცია წავიკითხე გავოგნდი, რას ლაპარაკობდა ეს კაცი. მივხვდი, რომ დიდ ადამიანს ვეხებოდი, ეს იყო განსაკუთრებული. მერე ეს სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში. მიხეილ სააკაშვილში ვნახე ეს მარადიული ქართველური სული, რომელიც დღეს ამათ ხელში მძიმედ არის. მაგრამ როგორი ძლიერია შინაგანად ამჩნევთ? თავისი სხეულის, თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე ჩვენ როგორ გვამაგრებს. სანთელივით ანთია და თუ ახლა მიყურებს, ალბათ მიხვდა, მე რა ვიგულისხმე. სანთელივით იწვის მისი მარადიული სული, რადგან მასთან არის საქართველოს მარადისობა. ჩვენ გვჭირდება მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა გია ბუღაძემ.