გია ბარამიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და ძალიან დიდი ალბათობით, თუ პლანეტები სხვანაირად არ დალაგდა, იქნება მიხეილ სააკაშვილის პარტია
გია ბარამიძე - „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და ძალიან დიდი ალბათობით, თუ პლანეტები სხვანაირად არ დალაგდა, იქნება მიხეილ სააკაშვილის პარტია

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და ძალიან დიდი ალბათობით, თუ პლანეტები სხვანაირად არ დალაგდა, იქნება მიხეილ სააკაშვილის პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ შექმნილია და ფუნქციონირებს მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული მიზნებისა და ამოცანების გარშემო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

ბარამიძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის იყო, არის და იქნება აზრთა სხვადასხვაობა.

„ღმერთმა არ მოშალოს დისკუსია. ხშირად ეს დისკუსია საჯაროც არის, ისეთ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, რაზეც ჩვენ ვმსჯელობდით, შევიდეს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში. მე ვიყავი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე პარლამენტში შესვლის და ეს დისკუსია გარეთ გამოვიტანეთ. ისევე როგორც, ვინ ყოფილიყო პარტიის თავმჯდომარედ არჩეული, ეს არ გადაწყვეტილა პოლიტსაბჭოს შიგნით ან პარტიის ყრილობის შიგნით, გადაწყვიტა 13 ათასმა ადამიანმა. ის, რომ რაღაც საკითხებზე ვმსჯელობთ თუ პოზიციებით ერთმანეთს ვუპირისპირდებით, ეს არა თუ ცუდია, არამედ აბსოლუტურად ჯანსაღია. მთავარი არის ის, რომ ეს ქვეყანა ჩაგდებული აქვს ხელში პუტინისტურ მოღალატურ რეჟიმს. პუტინის მეხუთე კოლონას. ეს არის მთავარი. ხალხს აინტერესებს თავისი გაჭირვება, ხალხს აინტერესებს რამე გვეშველება თუ არა. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, არის და ძალიან დიდი ალბათობით, თუ პლანეტები სხვანაირად არ დალაგდა, იქნება მიხეილ სააკაშვილის პარტია. „ნაციონალური მოძრაობა“ შექმნილია და ფუნქციონირებს მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებული მიზნებისა და ამოცანების გარშემო. ეს არის საქართველოს გამთლიანება, საქართველოს ცივილიზებული, თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია, პარალელურად, ჩვენი ქვეყნის განვითარება, ცივილიზებულ, ძლიერ სახელმწიფოდ ქცევა. თუ ჩვენმა რიტორიკამ ჩვენს მხარდამჭერს ამასთან დაკავშირებით შეკითხვა გაუჩინა, საჯაროდაც უნდა გავცეთ ამაზე ეს პასუხი“, – განაცხადა ბარამიძემ.

რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, ბარამიძე აცხადებს, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი.

„ძალიან გამიკვირდა ნანუკასგან პეტრესთან დაკავშირებით იმის თქმა, თითქოს პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილს ზურგი აქცია. ჩემი აზრით, ეს არის უბრალოდ ძალიან ცუდი გაუგებრობა, რომელიც ასევე უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილი ერთმანეთში დალაპარაკებით და არა იმ ფორმით, როგორც მოხდა. გაუგებრობაა, რადგან პეტრე ცისკარიშვილს შეიძლება, ყველაფერი დააბრალო, მაგრამ არა ის, რომ მას მიხეილ სააკაშვილი არ აღელვებს და რომ მან მიხეილ სააკაშვილს ზურგი აცია. გაუგებრობას აქვს ადგილი. როდესაც რაღაც ღონისძიებები იგეგმება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, შეიძლება, იმ მომენტისთვის პარტიის რესურსი იყოს მიმართული სხვა მიმართულებით. შეიძლება რაღაცა სხვა მიმართულებით კეთდება, ამიტომ პეტრეს უნდა ვკითხოთ ამის თაობაზე“, – განაცხადა ბარამიძემ.

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ პეტრე ცისკარიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებულ პოლიტიკურ აქტივობებს ეწინააღმდეგებოდა, აქციების გამართვას ხელს არ უწყობდა არც ლევან ხაბეიშვილი.