გია ბარამიძე - ექვსი თვის განმავლობაში ვამბობდით, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ახლა იქ შესვლით არ მგონია, ხალხს ჩვენი მხარდაჭერის მოტივაცია გავუჩინოთ
გია ბარამიძე - ექვსი თვის განმავლობაში ვამბობდით, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ახლა იქ შესვლით არ მგონია, ხალხს ჩვენი მხარდაჭერის მოტივაცია გავუჩინოთ

ექვსი თვის განმავლობაში ვამბობდით, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია და ახლა იქ შესვლით არ მგონია, ხალხს ჩვენი მხარდაჭერის მოტივაცია გავუჩინოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, ოპოზიციას თამარ ჟვანიასთვის ბოდიში აქვს მოსახდელი.

„15 მაისის აქცია იყი საერთო ოპოზიციური აქცია, საიდანაც ოპოზიციის გარკვეული ნაწილი გამოეყო. ზოგი გატყდა, ზოგი ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შევიდა. ამიტომ თავადვე თქვეს შემდეგ, რომ ამ აქციამ აქტუალობა დაკარგაო. შესაბამისად, ჩვენ ცალკე ეს აღარ გავაკეთეთ.

რაც შეეხება ამ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლით მოსახლეობის მოტივირებას, მაშინ, როდესაც ექვსი თვის განმავლობაში ვამბობდით, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, ახლა კი იქ შევალთ, არ მგონია ამით ხალხს ჩვენი მხარდაჭერის მოტივაცია გავუჩინოთ. პირიქით მიმაჩნია მე.

მათ, ვინც შეცდა, გატყდა ან გაიყიდა, ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, რომ პაპუაშვილებს და ასეთებს მსგავსი საუბრის საშუალება გაუჩინეს. არ მინდა, ამ მდგომარეობაში ვიხილო ჩემი პარტია“, – განაცხადა ბარამიძემ.