გია ბარამიძე – აბსურდია, რომ ჩემი განცხადება ჯარისთვის ან სახელმწიფოსთვის შეიძლება, რაიმე პრობლემა იყოს, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ აფხაზეთის ომში დამნაშავე და ოკუპანტია რუსეთის ფედერაცია
ომის დასაწყისში ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა ყველაზე კარგად ვიცი მე, რადგან ვიყავი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი, შესაბამისი სამმართველოს წარმომადგენელი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ იყო დაკავებული ტყვეების გაცვლით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, გია ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, იმ პერიოდში ტყვეობიდან 200 ქართველი მებრძოლის გათავისუფლება მოხერხდა, შენარჩუნდა მათი სიცოცხლე.
„რაც შეეხება ჩემს ინტერვიუს, იმის გამო, რომ კრემლის პროპაგანდამ, „ქოცურმა“ პროპაგანდა რაღაც ნაწილებად დაჩეხა, აყვნენ ზოგიერთი პოლიტიკური ტურები, რომლებიც უფრო მეტ დროს იმაზე ხარჯავენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაესხან თავს, ვიდრე დაუპირისპირდნენ ამ მოღალატეობრივ რეჟიმს. ახლა ვითომ, მათი ჭკუით, დრო იხელთეს და სიტყვაში გამომიჭირეს. ვინც უყურა ჩემს ინტერვიუს, ძალიან მკაფიოდ ვამბობ იქ, რომ პირველ ხანებში, სამწუხაროდ, იყო ასე, რომ ჩვენს მხარეს არ იყო არანაირი დისციპლინა, ჩვენ არ გვქონდა რეგულარული ჯარი და ეს ჯარს არ ეხება, მკაფიოდ ვთქვი იქაც, წერილობითაც განვმარტე მათთვის, თუ ვინმე შეცდომაში იქნა შეყვანილი, ან არ ჰქონდა ნანახი ჩემი ინტერვიუ. გუშინ ხმოვანი განცხადებაც გავაკეთე შეცდომაში შეყვანილი ადამიანებისთვის. პირველ პერიოდში ეს მდგომარეობა იყო. ბუნებრივია, გამწარებული ადამიანი, არა ქართული ჯარი, არა ქართული სახელმწიფო, არამედ ადამიანები, რომლებსაც დედა, მამა, ძმა ან შვილი მოუკლეს, ბრძოლაში არ იყვანდა ტყვეს და კლავდა. გინდა მოკვლა ახსენე, გინდა დახვრეტა ახსენე, არ იყვანდა ტყვეს, იმიტომ რომ გამწარებული იყო. ამიტომ არის ომი ცუდი, ადამიანი ადამიანს კლავს“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
მისი თქმით, რუსულ მხარეს ჰქონდა დისციპლინა, ტყვეების აყვანა დაიწყეს არა ჰუმანურობის გამო, არამედ, რომ მოეპოვებინათ სამხედრო ხასიათის, სადაზვერვო ინფორმაცია.
„თუმცა ეს გამოსწორდა, რადგან მე და ჩემი მოადგილე ვერ გავცვლიდით 200 ტყვეს ქართულ მხარეს ტყვეები რომ არ აეყვანა. ამიტომ მომიწია ომში წასვლა. მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტში მუშაობის შემდეგ პარლამენტში ამირჩიეს, მაგრამ გავაგრძელე ეგ საქმე. რატომ მომიწია მე, პარლამენტის წევრს, ფრონტზე წასვლა, ეს განვმარტე, რომ მეც დავხმარებოდი ჩვენს ხელისუფლებას, ჯარს, მეტი დისციპლინა გვქონოდა, აგვეყვანა ტყვეები ჩვენი სამართლიანი გამწარების მიუხედავად, შორიდანაც კი ნუ ესროდნენ, რისი ღირსიც იქნებოდნენ, მტერი იმის არის, რომ უნდა მოკლა, არამედ აგვეყვანა მაქსიმალური რაოდენობა ტყვეების. პირადად მეც ავიღე ხელში იარაღი და წავედი ფრონტის ხაზზე. ძირითადად ოჩამჩირეს ფრონტის მიმართულებით ვიყავი, ბოლო შემოტევის დროს კი სოხუმში და იქ უკვე ტყვეებზეც აღარ იყო საუბარი, არამედ საქართველოს გადარჩენაზე. ამიტომ პირველ პერიოდზეა საუბარი, ეს არ ეხება არც ქართულ ჯარს და არც ქართულ სახელმწიფოს“, – განაცხადა გია ბარამიძემ.
მისი თქმით, საუბრები, რომ მისი განცხადება შეიძლება, იყოს პრობლემა ქვეყნის ჯარისთვის ან სახელმწიფოსთვის – აბსურდია.
„რაც შეეხება იმას, რომ ეს შეიძლება, რაიმე პრობლემა იყოს საქართველოს ჯარისთვის ან სახელმწიფოსთვის, არის აბსურდი. ეს საკითხი დიდი ხანია, დახურულია და წერტილი აქვს დასმული. ეს არის მესამედი საუკუნის წინანდელი ამბავი და ეს საკითხი განხილული აქვს მთელ მსოფლიოს – ვინ არის აგრესორი 1992 წლის ომში და 2008 წლის ომში. მთელმა მსოფლიომ კარგად იცის, რომ აფხაზეთის ომში დამნაშავეა, ოკუპანტია რუსეთის ფედერაცია, ეთნიკური წმენდის ჩამტარებელი არის რუსეთის ფედერაცია და რა დანაშაულებებიც მოხდა კაცობრიობის წინააღმდეგ და პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ, არის რუსეთის ფედერაცია. ამას ვერაფერი შეცვლის და ეს პროპაგანდა, თითქოს ეს საქართველოსთვის უარყოფითი შედეგების მომტანია, არაფერი უარყოფითი შედეგის მომტანი არ არის. ეს არის მწარე სიმართლე ომის დაწყების პირველ პერიოდთან დაკავშირებით. ტყვეების გაცვლით მე ვიყავი დაკავებული და ბუნებრივია, მერე გამოსწორდა მდგომარეობა, რომ არ გამოსწორებულიყო, იმ 200 კაცს ვერ გამოვიხსნით, რადგან ჩვენც უნდა გადაგვეცა რუსული, საპარატისტული მხარისთვის ტყვეები, რომელსაც ჩვენც ვიყვანდით, ეს ხომ ლოგიკურია. ამის განმარტება თუ იქნებოდა საჭირო, არ მეგონა. რადგან გახდა საჭირო დამარცვლა ვიღაცებისთვის, ვინც ძალით იკატუნებს და იგიჟებს თავს, ან იმ ადამიანებისთვის, ვისაც საერთოდ არ უნახავს ინტერვიუ და მოგლეჯილი ნახა რუსული პრეპაგანდის მიერ, განვმარტავ კიდევ ერთხელ, ბუნებრივია, პირველი კვირებისგან განსხვავებით, მერე ბევრად მეტი წესრიგი იყო, ორგანიზებულობა იყო და ტყვეებსაც ვიყვანდით, ამის ხარჯზე მოვახერხეთ 200 ადამიანის გათავისუფლება და მათთვის სიცოცხლის შენარჩუნება“, – განაცხადა გია ბარამიძემ.