გია აბდალაძე - ვაშაძე დღეს ვერ მიხსენებს, არ ეყო კაცობა, ეღიარებინა, რომ მის უწყებაში არაფერი დაკარგულა
გია აბდალაძე - ვაშაძე დღეს ვერ მიხსენებს, არ ეყო კაცობა, ეღიარებინა, რომ მის უწყებაში არაფერი დაკარგულა

ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, დღეს ვერ მიხსენებს, არ ეყო კაცობა, ეღიარებინა, რომ მის უწყებაში არაფერი დაკარგულა, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის გადასინჯვის ფარგლებში შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს.

„მოლოდინი არის, რომ გაგვამართლებენ. საკმაოდ დიდი დროა, ველით. ეს ყველა გულშემატკივრის მოლოდინია. ჩვენს საქმეში ყველაფერი გაყალბებული იყო. უდანაშაულოები დაგვიჭირეს, გვაწამეს. ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, დღეს ვერ მიხსენებს და არ ეყო კაცობა, ეღიარებინა, რომ მის უწყებაში არაფერი დაკარგულა“, – განაცხადა გია აბდალაძემ.

სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავს, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ სცნეს.

მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს.