გია აბდალაძე სალომე ზურაბიშვილს - მადლობა, რომ მოხვედით, მართლაც არ ველოდებოდი
გია აბდალაძე სალომე ზურაბიშვილს - მადლობა, რომ მოხვედით, მართლაც არ ველოდებოდი

ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, არ ელოდებოდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების პროცესზე მივიდოდა.

გია აბდალაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატ, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაშაძემ ის გაწირა.

„ყველა თანამშრომელი, ვინც საგარეოში იყო, ამასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო. დღეს ის უარყოფს რომ მიცნობს. ვაჟკაცობა არ იყო, რომ ეღიარებინა. მაიძულეს, მეღიარებინა ის სისულელე. დღეს სასამართლომ უნდა გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი. ვაშაძე კანდიდატი რომ არ ყოფილიყო, მე ხმას არ ამოვიღებდი. მას რომ ეღიარებინა, რომ უდანაშაულოები ვიყავით, ხმას არ ამოვიღებდი. მადლობა სალომე თქვენ, რომ მოხვედით. მართლაც არ ველოდებოდი. იმედი მაქვს, მოსახლეობა დაფიქრდება. მე გრიგოლ ვაშაძეს ვდებ ბრალს, რომ გამწირა და გამიშვა ციხეში, სადაც გავიარე ჯოჯოხეთი. შეეკითხეთ ვაშაძეს, სააკაშვილს, რა სახის დოკუმენტაცია წავიღე? ეს არის ბრალდება, თითქოს რაღაც ავიღე, მივეცი ქურციკიძეს. ცხრა გრიფი ედო საქმეს“, – განაცხადა გია აბდალაძემ.

სააპელაციო სასამართლოში დღეს ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის გადასინჯვის ფარგლებში შესაძლოა, განაჩენი გამოცხადდეს გამოცხადდეს.

საქმის განხილვა დასკვნით ეტაპს მიუახლოვდა. 2011 წელს დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ფოტორეპორტიორების – ნათია და ირაკლი გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვს.

სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავს, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ სცნეს.

მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს. როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს.