გია აბაშიძე - „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებებში ფაქტების 79.4% ყალბი ან დამახინჯებულია
გია აბაშიძე - „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებებში ფაქტების 79.4% ყალბი ან დამახინჯებულია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მის მიერ ჩატარებული კვლევის – „რუსთავი 2“-ის მედიამონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა 19-21 და ასევე 17-18 ნოემბერს მოიცავს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ფაქტების 79.4% ყალბი ან ინტერპრეტირებული, დამახინჯებულია, ინფორმაციის 21% – ნაწილობრივ ობიექტური ან გადაუმოწმებელი.

კვლევის მიხედვით, P.S.-სა და „შაბათის კურიერში“ ექვსი ყალბი და 12 ინტერპრეტირებული ამბავი გაშუქდა. რაც შეეხება „კვირის აქცენტებს“, ითქვა ოთხი ტყუილი და ერთი ინტერპრეტაცია. როგორც ანალიტიკოსმა განაცხადა, აღნიშნული ტელეკომპანია ტენდენციურია დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ და მისი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ ნეგატიურია.

„კვირის აქცენტებში“ არაერთხელ იყო გამოყენებული ადამიანის პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი განცხადება სალომე ზურაბიშვილისა და მისი მომხრეების მიმართ. ხშირი იყო გადაუმოწმებელი ფაქტების ტირაჟირება. საკუთარი აზრების წარმოჩენა წამყვანთა მიერ ხდებოდა, როგორც უტყუარი ფაქტებისა.

თუმცა, დადებით კონტექსტში ისიც უნდა ითქვას, რომ „რუსთავი 2“ ძირითადად დადებით კონტექსტში განიხილავდა ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე. თუმცა, აქ ეს ნაწილობრივ იყო, რომ გადაფარა იმ ევროპარლამენტარების კომენტარებიდან, ასე ვთქვათ ნეგატიური კონტექსტით. თოქშოუების გაშუქებისას ხდებოდა ზურაბიშვილის წარმოჩენა რუსეთის პროექტად, პუტინის პროექტად და ა.შ. დადასტურებული ფაქტები ამისი არ არის, მისი განცხადებები მოჰყავთ დამახინჯებულად, მოჰყავთ არასწორი ინფორმაცია.

სიუჟეტები იგებოდა გაყალბებული ფაქტების კვალდაკვალ და ყველა შემდგომი დასკვნა პირველი ცრუ ინფორმაციის გაგრძელებას წარმოადგენდა. ხშირად იყო კადრებით მანიპულირება, გახსოვთ ცნობილი კადრები გაბუნიასთან, რომელიც იყო ბანერების კომედიზაცია“, – განაცხადა გია აბაშიძემ.

გია აბაშიძემ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის გადაცემების მონიტორინგი იმის გამო განახორციელა, რომ საზოგადოებაში არსებობს აზრი აღნიშნული ტელეკომპანიის არაობიქტურობასთან დაკავშირებით და ასევე, ის რეიტინგულია.