გია აბაშიძე - პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველა მიიჩნევდა, რომ ზოგიერთი ოდიოზური მოსამართლის კანდიდატურის წარდგენა მიუღებელი იყო
გია აბაშიძე - პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველა მიიჩნევდა, რომ ზოგიერთი ოდიოზური მოსამართლის კანდიდატურის წარდგენა მიუღებელი იყო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება მისასალმებელია იმ მხრივ, რომ საზოგადოების აქტიურობამ შედეგი გამოიღო, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, ყველა თანხმდებოდა, რომ ზოგიერთი ოდიოზური მოსამართლის კანდიდატურის წარდგენა იყო მიუღებელი.

„პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, საზოგადოებას ერთი აზრი ჰქონდა, რომ ზოგიერთი ოდიოზური მოსამართლის კანდიდატურის წარდგენა იყო მიუღებელი. ახლა ჯერი კრიტერიუმებზეა. აქ მთავარი იქნება ორი კრიტერიუმი. პირველი, კანდიდატებს არ უნდა ჰქონდეთ პრობლემა სტრასბურგის სასამართლოსთან. მეორე, თუ ახალი კრიტერიუმები შემუშავდება, სიაში ვერ მოხვდებიან ის მოსამართლეები, რომელთაც უკანონო განაჩენები აქვთ გამოტანილი.

ახლა ყველაფერი ტექნიკურ პროცესებზეა დამოკიდებული. საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ გუშინ იუსტიციის საბჭოში იმყოფებოდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და თავად დაინტერესდა ამ პროცესებით. იურისტები, არასამთავრობოები, პოლიტიკური ოპოზიცია და სხვადასხვა სამართლის ექსპერტი უნდა შეჯერდეს ამ კრიტერიუმებზე“, – განაცხადა გია აბაშიძემ.

ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შემუშავდება მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, რასაც ექნება უკუძალა და სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნება წარდგენილი განახლებული სია.