გია აბაშიძე - ცილისწამების შესახებ კანონზე საუბარი მიუღებელია, მაგრამ ე.წ. ფეიკნიუსებზე კანონი აუცილებელია
გია აბაშიძე - ცილისწამების შესახებ კანონზე საუბარი მიუღებელია, მაგრამ ე.წ. ფეიკნიუსებზე კანონი აუცილებელია

ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ცილისწამება და ე.წ. ფეიკნიუსები ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს.

როგორც გია აბაშიძემ დღეს მედიასთან შეხვედრაზე ცილისწამების შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა, ხელისუფლებამ უნდა თქვას, რისი მიღება სურს და ჩამოყალიბდეს პოზიციაზე, ემუქრება თუ არა საქართველოში გამოხატვის თავისუფლებას საფრთხე.

„კანონმდებლობით, ჩვენთან ცილისწამება 2004 წლიდან დასჯადი აღარ არის. ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გავმიჯნოთ ცილისწამება და ე.წ. ფეიკნიუსები. საფრანგეთის ხელისუფლებამ 2018 წლის ნოემბერში მიიღო ე.წ. ფეიკნიუსებთან ბრძოლის კანონი. ეს ეხება წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელებას. სხვადასხვაა ცილისწამება და დეზინფორმაცია, ე.წ. ფეიკნიუსები. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ევროპული გამოცდილებით ჩვენც მივიღოთ ანალოგიურად ე.წ.ფეიკნიუსებთან დაკავშირებული კანონმდებლობა“, – განაცხადა აბაშიძემ.

მან რუმინეთის მაგალითიც მოიყვანა.

„2019 წლის პირველი იანვრიდან რუმინეთმა ექვს თვიანი როტაციის წესით, მთავარ პრიორიტეტად აიღო დეზინფორმაციასთან – ე.წ. ფეიკნიუსებთან ბრძოლა, რადგან მაისში აქვთ ევროპაში ევროპარლამენტის არჩევნები. სჭირდებათ, რათა გარე ჩარევა არ მოხდეს“, – განაცხადა ანალიტიკოსმა.

მისივე თქმით, ე.წ. ფეიკნიუსები საქართველოს შიგნითაც ყველა მიმართულებით ვრცელდება.

„მკაფიოდ და მკვეთრად გვითხრან, რისი მიღება სურთ, რომ დავიწყოთ ამაზე მსჯელობა. ჩემთვის მიუღებელია საუბარი ცილისწამების შესახებ კანონზე, მაგრამ ე.წ. ფეიკნიუსებზე აუცილებელიც არის, რომ კანონი მივიღოთ, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ვნახოთ, როგორია საფრანგეთის გამოცდილება, ამასთან ბრძოლის მეთოდოლოგია და შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნის მაგალითზეც გამოვიყენოთ. ე.წ. ფეიკნიუსების მიმართ უფრო აქტიური ქმედითი ნაბიჯებით უნდა განვახორციელოთ“, – განაცხადა გია აბაშიძემ.

მისი თქმით, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაც.

„საფრანგეთის მაგალითი ძალიან უპრიანია ჩვენი რეალობისთვის. საქართველოში ვხედავთ, როგორც უცხოეთიდან შემომავალ ე.წ.ფეიკნიუსებს, ისე ადგილობრივი წარმოების ე.წ. ფეიკნიუსებს, ხოლო ცილისწამების კანონის გამკაცრებას ხელი არ უნდა ვახლოთ“, – განაცხადა აბაშიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზად არის, ცილისწამების შესახებ კანონთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩაერთოს.