ღვთაების მონასტრამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება
ღვთაების მონასტრამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გარდაბნის მუნიციპალიტეტში ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ორ მონაკვეთად არის დაყოფილი და ჯამში 13 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია მოხდება.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებულია. ერთ დროს კაპიტალური საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან არის გამოსული. სავალ ნაწილზე ინტენსიურადაა წარმოქმნილი დიდი ზომის ორმოები, რაც გზით მოსარგებლეებისთვის გადაადგილებას აფერხებს.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოხდება გზის სრული რეაბილიტაცია. მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ავტოპავილიონები და ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მონაკვეთზე არსებულ ხიდს. ასევე, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა. განხორცხიელდება რეაბილიტირებული გზის მონიშვნის სამუშაოები.

ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაებას საავტომობილო გზით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ღვთაების სამონასტრო კომპლექსის მომლოცველები სარგებლობენ. სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი გზის გამართულად ფუნქციონირება ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის დასრულების შემდეგ, ღვთაების მონასტრამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ჯამში 7 531 227 ლარია.

სამუშაოები 2018 წლის აპრილში დაიწყო და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.