ღვინის ფესტივალის დირექტორი იაგო ბითარიშვილი ​ხელისუფლებას პეტიციით მიმართავს, „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე ღვინის მუზეუმი მოეწყოს
ღვინის ფესტივალის დირექტორი იაგო ბითარიშვილი ​ხელისუფლებას პეტიციით მიმართავს, „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე ღვინის მუზეუმი მოეწყოს

ღვინის ფესტივალის დირექტორი, მეღვინე იაგო ბითარიშვილი საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პეტიციით მიმართავს, რომლის მიზანიც ე.წ. რიყის დოქების ტერიტორიაზე ღვინის მუზეუმის მოწყობაა. პეტიციაზე, სახელწოდებით „ქართული ღვინის მუზეუმი – თბილისის სავიზიტო ბარათი“ ხელმოწერების შეგროვება უკვე დაწყებულია.

რაც შეეხება პეტიციის შინაარსობრივ „აწილს, მასში ვკითხულობთ:

„საქართველო უკვე დიდი ხანია ღვინის სამშობლოს სტატუსით სარგებლობს. აქ მევენახეობა-მეღვინეობის მსოფლიოში უძველესი ნაკვალევია აღმოჩენილი. ღვინის ისტორია ნეოლითის ხანაში დაიწყო და ამის დამადასტურებელი ფაქტები ყველაზე ცხადად ჩვენს ქვეყანაში გამოჩნდა. არაერთმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ადამიანისა და ვაზის ურთიერთობა ძვ.წ. VI ათასწლეულიდან დაიწყო და რომ საქართელოს ტერიტორიაზე არამხოლოდ პირველი კულტურული ვაზი გვხვდება, არამედ ღვინის პირველი ნიშნებიც.

აქედან გამომდინარე აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოში და კერძოდ, თბილისში შეიქმნას მაღალი დონის ქართული ღვინის მუზეუმი რომელიც ქვეყნის და ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება.

რატომ თბილისში?

თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ტურისტული ნაკადის დინამიურ ზრდას (დაახლოებით 8 მილიონი ტურისტი წლის განმავლობაში) ყველაზე აქტიური ადგილი ძველი თბილისის ტერიტორიაა, სადაც უკვე რამდენიმე წელია, უფუნქციოდ დგას ეგრეთ წოდებული დოქების ნაგებობა. ამ ადგილას მუზეუმის არსებობა დიდწილად გარანტიაა იმისა, რომ სტუმრების უმრავლესობა ადვილად მოხვდება ამ მუზეუმში, რაც მისი რენტაბელობის გარანტია იქნება. ამავე დროს გაცოცხლდება დღემდე უფუნქციოდ არსებული ნაგებობა.
მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ვინაიდან საქმე ეხება ქვეყნის სახეს და იმიჯს, მუზეუმის კონცეფციის შექმნა და მოწყობა უნდა ითავოს სახელმწიფომ“, – განმარტებულია პეტიციაში.

მეღვინე და ღვინის ყოველწლიური ფესტივალის დირექტორი მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და საჭირო 5000 ხელმოწერის მოლოდინშია.

დატოვე კომენტარი