ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რაჭაში 600 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რაჭაში 600 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რაჭაში რთველი აქტიურ ფაზაშია და მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

სააგენტოს 12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭაში 600 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთულია გადამუშავებული.

უწყების ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.

წელს რაჭაში, ღვინო „ხვანჭკარის“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას – 2 500 ტონამდე მოსავალს ელიან.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, უხვი მოსავლისა და „კოვოდ-19“ პანდემიის ფონზე, მეღვინეობა-მევენახეობის დარგში არსებული გამოწვევების მიუხედავად, რაჭაში რთველი წარმატებით ჩატარდება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.

ამასთან, რთველი დასკვნით ეტაპზეა კახეთში, სადაც დღეის მონაცემებით, გადამუშავებულია 267 ათას ტონამდე ყურძენი.