ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში მევენახეების შემოსავალმა 70 მილიონ ლარს გადააჭარბა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში მევენახეების შემოსავალმა 70 მილიონ ლარს გადააჭარბა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში მევენახეების შემოსავალმა 70 მილიონ ლარს გადააჭარბა.

11 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 42 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 27 ათასამდე ტონა საფერავი, 9 ათასამდე ტონა რქაწითელი, 900 ტონამდე კახური მწვანე, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. შედარებისთვის, 2017 წლის 11 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებული იყო 22,5 ათასი ტონა ყურძენი.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რთველის დაწყებიდან დღემდე ყურძენი ღვინის საწარმოებს 4200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 70 მლნ ლარს გადააჭარბა.

„ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – 11,5 ათასი ტონა, შემდეგ მოდის ყვარელი- 11 ათასი ტ. თელავი – 8 ათასი ტ., სიღნაღი – 4,7 ათასი ტ., დედოფლისწყარო – 3,2 ათასი ტ., ახმეტა – 2 ათასი და ლაგოდეხი 800 ტონამდე. დღეღამურად, საშუალოდ 5 ათასამდე ტონა ყურძენი მუშავდება საწარმოების მიერ, რაც იმას ნიშნავს კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია. 10 სექტემბერს, რთველის პროცესში ჩართული იყო 60-ზე მეტი ღვინის კომპანია კახეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მათიცე ინფორმაციით, რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 180-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული. ყურძენი უკვე გადაამუშავა 102-მა ღვინის კომპანიამ.