ღვინის ეროვნული სააგენტო - საქართველომ იანვარ-აგვისტოში ღვინის ექსპორტიდან 145 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო
ღვინის ეროვნული სააგენტო - საქართველომ იანვარ-აგვისტოში ღვინის ექსპორტიდან 145 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

მიმდინარე წლის რვა თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 59 ქვეყანაში 65 მილიონი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 145 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 13%-ით მეტია, 19%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც. ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 29% (3638057), ჩინეთი – 9% (3373517), ლატვია – 4% (1119219), ლიეტუვა – 56% (675510), აშშ – 26% (700696), გერმანია – 23% (553852), დიდი ბრიტანეთი – 73% (435 264).

ამასთან, მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 132% (235888), შვედეთი – 65% (69280), ჩეხეთი – 646% (112236), საფრანგეთი – 31% (50416), ყაზახეთი – 37% (2552200), ისრაელი – 52% (304827), აზერბაიჯანი – 21% (158411), თურქეთი – 156% (77226), უკრაინა – 16% (7366327), რუსეთი – 17% (39474016), მონღოლეთი – 316% (306690), ბელარუსი – 13% (2062327) და ა.შ.

რაც შეეხება ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულს, ესენია რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 368 კომპანიამ განახორციელა. ამასთან, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 22 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 21%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 40,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 8%).

ექსპორტირებულია 570 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 115% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,3 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 91% შეადგინა.

სააგენტოს ცნობით, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად, მიღებულია 234 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 18%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

დატოვე კომენტარი