ღვინის ეროვნული სააგენტო - ქართული ღვინო საექსპორტო ფასით მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს
ღვინის ეროვნული სააგენტო - ქართული ღვინო საექსპორტო ფასით მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს

ქართული ღვინო საექსპორტო ფასით მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, American Association of Wine Economists-ის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, 2014-2016 წლებში, ექსპორტზე გატანილი ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით – 3,49 აშშ დოლარი – საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს.

სააგენტოს ცნობით, AAWE – „ღვინის ეკონიმისტების ამერიკული ასოციაცია“ პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა და მის მიერ შედგენილი რეიტინგით პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს (6.59 $), მას მოსდევს ახალი ზელანდია (5.39 $), მესამე ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია (3.68 $). საქართველოს ერთი ადგილით ავსტრია უსწრებს, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს (3.51 $).

ამასთან, საქართველოს აღნიშნულ რეიტინგში ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ხორვატია (3.41 $), არგენტინა (3.11 $), პორტუგალია (3.07 $), გერმანია (3.06 $), იტალია (3.06 $)და ა.შ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი ჩოლობარგიას განცხადებით, აღნიშნული რეიტინგი ქართული ღვინის მაღალ ხარისხზე მიუთითებს.

„მისასალმებელია, რომ ქართული ღვინის ექსპორტთან ერთად, იზრდება ქართული ღვინის ხარისხი და ფასი საერთაშორისო ბაზარზე. ამ მდგომარეობის მიღწევას კი წინ უძღვოდა ღვინის ინდუსტრიასთან შეთანხმებული, სწორი მარკეტინგული კამპანია და ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ბოლო წლებში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები“, – აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.