ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მონაცემებს ავრცელებს
ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მონაცემებს ავრცელებს

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მიმდინარე წლის ექვს თვეში სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური  პროცესის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, 31 კომპანიაში განხორციელდა. აღებულ 173 ნიმუშში დარღვევა აღმოჩნდა 12-ში.

საანგარიშო პერიოდში ინსპექტირება 44 კომპანიაში განხორციელდა, აღებული 233 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 30-ში. უარი სერტიფიკატის გაცემაზე ეთქვა 12 კომპანიას. ამასთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების, SGS-სა და Bureau Veritas-ის მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ინსპექტირება 83 კომპანიის პროდუქციაზე განხორციელდა. აღებული 280 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 12-ში. სერტიფიკატი გააუქმდა 12 კომპანიას. ინსპექტირების პროცესი  სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

საანგარიშო პერიოდში, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 143 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ შემოვიდა 6 274 ნიმუში, აქედან 204 ნიმუში შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი – დადებითად“, – აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.