ღვინის ეროვნული სააგენტო – 29 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 113,5 ათასამდე ტონა ყურძენი

11:13, 29.09.2026

ამ ეტაპისთვის, გადამუშავებული 113,5 ათასი ტონა ყურძნიდან – 79,1 ათას ტონამდე მაღალი კონდიციის და ხარისხიანია, მთელი მოსავლის მხოლოდ 0,7%-ია უხარისხო და მკვახე, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 14 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა.

„კახეთში ყურძნის მოსავალი 8 300-მდე მევენახემ დააბინავა.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინავოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს: საფერავის ფასი, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 20%-ია 1 კგ – 1,50 ლარი, 16%-დან 20%-მდე – 1,00 ლარი, 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის – 50 თეთრი. რქაწითელის და სხვა საღვინე ყურძნის შემთხვევაში, არანაკლებ 19% შაქრიანობის ფასი – 1,30 ლარი, 16%-დან 19%-მდე – 90 თეთრი, 16%-ზე ნაკლები – 50 თეთრი.

ყურძნის ჩაბარების პროცესს,  ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 2 19 37 18“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი