ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა, შემოსავალი კი შემცირდა
ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა, შემოსავალი კი შემცირდა

2021 წლის პირველ კვარტლში, შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი 2%-ით გაიზარდა. თუმცა, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 5%-ით არის შემცირებული, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ღვინის ფასის კლებით არის განპირობებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია.

ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში, 44 მლნ დოლარის, 19 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: ჩინეთი – 29% (959,040 ბოთლი), ლიეტუვა – 38% (245,940 ბოთლი), აშშ – 3% (237,878 ბოთლი), ესტონეთი – 22% (161956 ბოთლი), იაპონია – 11% (51346 ბოთლი ) და დიდი ბრიტანეთ- 2% (117118 ბოთლი).

ექსპორტის რაოდენობა ასევე მზარდია: კანადაში – 31% (67,770 ბოთლი), ყაზახეთში – 57% (793,114 ბოთლი), ისრაელში – 56% (131,626 ბოთლი), აზერბაიჯანში – 66% (87,449 ბოთლი), თურქეთში – 115% (30,930 ბოთლი).

აღნიშნულ პერიოდში, სხვადასხვა მოცულობის ქართული ღვინის ექსპორტი 205-მა კომპანიამ განახორციელა.

საგენტოს მონაცემებით, აღსანიშნავია, რომ გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ექსპორტირებულია 7,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 111 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.

ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 73 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

დატოვე კომენტარი