„ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანში საჩვენებელი სწავლებით დასრულდება [ფოტო]
„ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანში საჩვენებელი სწავლებით დასრულდება [ფოტო]

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება, „ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის მე-11 სასროლეთზე საჩვენებელი სწავლებით დასრულდება.

წვრთნების დახურვის ცერემონიალს ესწრებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გაერთიანებული შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი რეჯინალდ ნილი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ექსპერტები.

სწავლების დახურვის ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგება. თავდაპირველად მოწვეული სტუმრებისთვის საჩვენებელი სწავლება გაიმართება რომლის სახელწოდებაა – „გაერთიანებული საბრძოლო სროლების სავარჯიშო“. სწავლების ამოცანაა მრავალეროვნულმა ქვედანაყოფმა რაიონული თავდაცვა განახორციელოს, რათა ბრძოლაში ჩართვის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგე დაამარცხოს და დივიზიას კონტრშეტევის განხორციელების შესაძლებლობა მისცეს.

წელს საჩვენებელ სწავლებაში ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები AH-64 „აპაჩები“ მიიღებენ მონაწილეობას. საჩვენებელ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ასევე, პირველად გამოიყენებენ ტანკსაწინააღმდეგო გადასატან კომპლექსს „ჯაველინს“. საბრძოლო სროლების დროს ქართველ, გერმანელ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს საცეცხლე მხარდაჭერას გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანები „მარდერი“, ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერი“, ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები აღმოუჩენენ. გაერთიანებულ საბრძოლო სროლებში მონაწილეობას მიიღებს საარტილერიო და საინჟინრო დანაყოფებიც.

ღონისძიების მეორე ნაწილი სწავლების დახურვის ოფიციალურ ცერემონიალს დაეთმობა. საქართველოს თავდაცვის მინისტრი სწავლების მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავს.

მინისტრი „ღირსეული პარტნიორის“ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას. სწავლების დახურვის ოფიციალურ ცერემონიალზე სამსახურეობრივი-საშტატო იარაღით საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდება, სწავლების მონაწილე ქვეყნების სამხედროებს 38 უწყებრივი მედალი გადაეცემათ. სპეციალური სამახსოვრო საჩუქრებით კი, 199 სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდება.