ღია ვარჯიში ჩემპიონთა ლიგის პირველ გათამაშებამდე - თბილისის ფეხბურთელები მზიურში ემზადებიან
ღია ვარჯიში ჩემპიონთა ლიგის პირველ გათამაშებამდე - თბილისის ფეხბურთელები მზიურში ემზადებიან

ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბმა „თბილისმა“ „მზიურის“ სტადიონზე ღია ვარჯიში გამართა. გუნდის მთავარი მწვრთნელი თამაზ შამუგია მოთამაშეებს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებისთვის ერთი კვირაა სრული დატვირთვით ამზადებს.

ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშება, ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით 25-26 მაისს ჩატარდება. მატჩები თბილისის დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

საუკეთესოს ტიტულისთვის ექვსი კლუბი იბრძოლებს. პირველი გათამაშების მონაწილე გუნდები: „თბილისი“ (საქართველო), „ევერტონი“ (დიდი ბრიტანეთი), „კორკ სიტი“ (ირლანდია), „ლეგია ვარშავა“ (პოლონეთი), „ორტოტეკ გაზილერი“ (თურქეთი), „დინამო ალტაი“ (რუსეთი). მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბ „თბილისის“ სატურნირო განაცხადში 13 ფეხბურთელია. დათო ჩადუნელი, გიორგი უჩავა, მამუკა სამხარაძე, მამუკა გელაშვილი, ვასილ ჩაჩანიძე, ზვიად დუმბაძე, ერნესტ შატვეროვი, ვასილ მუმლაძე, ანატოლი ორობინსკი, რუსლან შაუმიანი, დავით ბაბუციძე, გიორგი მეგრელიშვილი, იოსებ გოგიტიძე.

ღია ვარჯიშის დაწყებამდე თბილისურ გუნდს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და ვიცე პრეზიდენტი ნიკა ჯღარკავა შეხვდნენ და თბილისში გასამართ ტურნირზე წარმატებული გამოსვლა უსურვეს.