„ღია საზოგადოების ფონდი“ - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენება
„ღია საზოგადოების ფონდი“ - მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენება

დიდი გულისტკივილით ვეხმიანებით ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, „ტვ პირველის“ გუნდს და ჟურნალისტთა კორპუსს. ლექსო ლაშქარავა იყო მედიის იმ 50-ზე მეტი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ მასშტაბური და სასტიკი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ“, – ამის შესახებ „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა. 5 ივლისის ძალადობის უმძიმეს შედეგებზე პასუხისმგებელნი არიან პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელთაც დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობა. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცემეს, გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ლექსო ლაშქარავა კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სახლში გაწერეს.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.