ღია კარის დღეები, რომელიც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ოთხშაბათობით იმართებოდა, ონლაინ რეჟიმში წარიმართება
ღია კარის დღეები, რომელიც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ოთხშაბათობით იმართებოდა, ონლაინ რეჟიმში წარიმართება

ღია კარის დღეები, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისთვის ყოველ ოთხშაბათს იმართებოდა, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ონლაინ რეჟიმში წარიმართება. აბიტურიენტებს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე შეეძლებათ.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განაცხადა.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, მონაწილეებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge უნდა გაიარონ.

სოფიო გორგოძეს თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის მოამზადა სპეციალური ვიდეორგოლი, რომელშიც რეგისტრაციის ინსტრუქცია დეტალურად არის ახსნილი.

გორგოძის თქმით, დღეიდან აბიტურიენტებს წვდომა ექნებათ „აბიტურიენტთა ელექტრონულ ცნობარზეც“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული. მასში მოცემულია 2020 წლის სიახლეები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, ხშირად დასმული კითხვები და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია, შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში, მონიშნოს სპეცპირობა. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე შეუძლიათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი, მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ.

ამასთან, სოფიო გორგოძის თქმით, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 9 მარტის 10:00 საათიდან დაიწყება და 26 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.