ღია ცის ქვეშ კლასიკური მუსიკის კონცერტები იწყება
ღია ცის ქვეშ კლასიკური მუსიკის კონცერტები იწყება

თბილისის მერიის ორგანიზებით, პროექტი Tbilisi Classic Open Air იწყება, რომლის ფარგლებშიც კლასიკური მუსიკის კონცერტები ქალაქის ღია სივრცეებში გაიმართება.

პროექტის პირველი კონცერტი, რომელიც 13 ივლისს, 20:00 საათზე,ორბელიანის მოედანზე მოეწყობა, პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დედაქალაქს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვის ორკესტრი ესტუმრა.

კონცერტში ასევე მონაწილეობს პოლონელი მევიოლინე კამილა ვონსიკ-იანიკი, რომელიც ისეთი პრესტიჟული კონკურსების პრიზიორია, როგორიცაა ვენიავსკის და შიმანოვსკის საერთაშორისო კონკურსები. კონცერტს უდირიჟორებს ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და მასზე გამოჩენილი პოლონელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება.

მეორე კონცერტი 14 ივლისს, 18:00 საათზე კვლავ ორბელიანის მოედანზე გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც დედაქალაქის მერიის დაფინანსებით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 2019 წელს ჩამოყალიბდა.

კონცერტზე წარდგებიან სოლისტები: ირინა როსტომაშვილი (ვიოლინო); ანა გილიგაშვილი (ფლეიტა) და მარიამ მამადაშვილი (ვიოლინო). ღონისძიებაზე შესრულდება მოცარტისა და ვივალდის ნაწარმოებები.

ღონისძიების პარტნიორები არიან პოლონური ინსტიტუტი თბილისში; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე; ევგენი მიქელაძის ეროვნული მუსიკალური ცენტრი.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.