ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დღის განმავლობაში, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დღის განმავლობაში, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დღის განმავლობაში, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა.

არაბული მედიის ინფორმაციით, 37 ადამიანი მხოლოდ ქალაქ ღაზაში მოკლეს. გავრცელებული ცნობით, ისრაელის არმია ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთულ დისტანციურად მართვად მანქანებს იყენებს ალყაშემორტყმული ქალაქ ღაზის უბნების დასანგრევად.

ჰამასმა „ალ ჯაზირას“ განუცხადა, რომ განიხილავს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას, რომლის მიზანია ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ომის შეჩერება და მალე გამოაცხადებს თავის პოზიციას 20-პუნქტიანი წინადადების შესახებ.

სამედიცინო წყაროების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზაში არასრულფასოვანი კვების შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვი. არაბული მედიის თანახმად, ომის დროს ანკლავში შიმშილით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 457-მდე გაიზარდა, მათ შორის 152 ბავშვია.