ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს აშშ-მა ვეტო დაადო
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს აშშ-მა ვეტო დაადო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც მოითხოვდა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ შეწყვეტას და ისრაელისგან პალესტინის ანკლავში დახმარების მიწოდებაზე ყველა შეზღუდვის მოხსნას, ვეტო დაადო.

ტექსტი, რომელიც 15-წევრიანი საბჭოს ათი არჩეული წევრის მიერ იყო მომზადებული, ასევე მოითხოვდა დაჯგუფება „ჰამასისგან“ ყველა დაკავებული ისრაელელი მძევლის დაუყოვნებლივ, ღირსეულ და უპირობო გათავისუფლებას.

რეზოლუციის პროექტს მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა.

ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც ისრაელისა და პალესტინის რეზოლუციის პროექტს აშშ-მა ვეტო დაადო.

ღაზის სექტორში ომი 2023 წლის 7 ოქტომბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა და 1 200 ადამიანი მოკლა, დაახლოებით 251 პირი კი მძევლად აიყვანა. ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანოების ცნობით, ღაზაში ომს, სულ მცირე, 64 000-ზე მეტი ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლა.