ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.
დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ღაზაში დარჩენილი 59 მძევალი სახლში ერთიანი შეთანხმების ფარგლებში დააბრუნოს.
ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ისრაელის მედიის ცნობით, ამჟამად ღაზის სექტორში რჩება 24 ცოცხალი მძევალი და 35 დაღუპული მძევლის ცხედარი.
ამჟამად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები მხარეებს შორის არსებული მნიშვნელოვანი უთანხმოებების გამო ჩიხშია შესული. „ჰამასი“ ითხოვს გარანტიებს, რომ ბოლო მძევლების გათავისუფლების შემდეგ ისრაელი შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს და გაიყვანს ჯარებს ღაზის სექტორიდან. ისრაელი კი მოითხოვს „ჰამასის“ სრულ განადგურებას ღაზაში.
„ჩვენ არ დავასრულებთ ისრაელის აღორძინებისთვის ომს, ვიდრე არ გავანადგურებთ „ჰამასს“ ღაზაში და არ დავაბრუნებთ ყველა ჩვენს მძევალს სახლში“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მძევლების ოჯახების წევრების თქმით, ხმამაღალი სიტყვებითა და ლოზუნგებით პრემიერ-მინისტრი ცდილობს, დაფაროს რეალური გეგმის არარსებობა.