ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშს პალესტინელი დემონსტრანტი ემსხვერპლა
ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშს პალესტინელი დემონსტრანტი ემსხვერპლა

ღაზას სექტორში ისრაელის ავიაიერიშს ერთი პალესტინელი დემონსტრანტი ემსხვერპლა.

პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა დემონსტრაცია სასაზღვრო ზონაში დაბომბა. ისრაელის ჯარისკაცებთან შეტაკების შედეგად, 11 პალესტინელია დაშავებული.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იერიშის სამიზნე პალესტინელების ჯგუფი გახდა, რომელიც ისრაელის მიმართულებით ცეცხლმოკიდებული საჰაერო ბურთების გაშვებას აპირებდა.

ღაზას სექტორში ისრაელის საზღვართან პალესტინელები ე.წ. დაბრუნების მარშს მარტის შემდეგ ატარებენ და ისრაელის კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნა ისრაელის მიერ არაბული ანკლავის საზღვაო ბლოკადის გაუქმებაა.

რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ ხელმძღვანელებსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები შეწყდა. „ჰამასის“ წევრები ამბობენ, რომ სასაზღვრო ზონაში აქციები გაგრძელდება.