ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის სამხედროებთან შეტაკებისას 16 პალესტინელია მოკლული
ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის სამხედროებთან შეტაკებისას 16 პალესტინელია მოკლული

ღაზას სექტორის საზღვართან ისრაელის სამხედროებთან შეტაკებისას 16 პალესტინელია მოკლული. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. პალესტინური მხარის მონაცემებით, დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა შორის 14 წლის მოზარდია.

არეულობა ისრაელსა და ღაზას სექტორის საზღვარზე იერუსალიმში აშშ-ის საელჩოს გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიწყო. ისრაელის საზღვართან რამდენიმე ათასი პალესტინელი შეიკრიბა. მათგან რამდენიმემ ისრაელის ჯარისკაცებს ქვები ესროლა და ისრაელის ტერიტორიაზე გადასვლა შეეცადა, რა დროსაც ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილეებს ცეხლი გაუხსნეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მანქანის საბურავები დაწვეს.

პალესტინელები ღაზას სექტორის საზღვართან საპროტესტო აქციას მარტის შუა რიცხვებიდან მართავენ. ამ ხნის განმავლობაში ისრაელის ძალებთან შეტაკებებს სულ 54 პალესტინელი ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავდა.

აშშ-ის საელჩოს გახსნა იერუსალიმში დღეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილი ივანკა ტრამპი და მისი მეუღლე ჯარედ კუშნერი დაესწრებიან.

იერუსალიმის სტატუსი ისრაელსა და პალესტინას შორის დავის მთავარ საგანს წარმოადგენს. ორივე მხარე ქალაქს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს.