ღამით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასშტაბური იერიში განხორციელდა, დაღუპულია, სულ მცირე, ორი ადამიანი
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვზე დრონების ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოიგერიეს. მისი თქმით, გუშინდელი დღიდან რუსეთის დედაქალაქის მისადგომებთან 1600-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით, ღამის 03:00-დან 05:00 საათამდე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 17 რაიონში 249 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ვორობიოვის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა, სულ მცირე, ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
სხვადასხვა რაიონში რამდენიმე შენობა დაზიანდა, მათ შორის მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტი. რამენსკოეში დრონის ჩამოვარდნის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა 21-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სახურავს. შენობიდან 400 ადამიანის, მათ შორის 70 ბავშვის ევაკუაცია განხორციელდა. დაზიანდა 20 ავტომობილი. რაიონის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დრონი სავაჭრო ცენტრსაც მოხვდა.
მოსკოვის აეროპორტებში მოქმედი შეზღუდვების გამო 30-ზე მეტმა თვითმფრინავმა დაშვება ვერ მოახერხა. შერემეტიევოს აეროპორტში მიმავალი დაახლოებით 25 თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს.
ამასთან, ვნუკოვოს აეროპორტმა თვითმფრინავების მიღება და გაფრენა დროებით შეაჩერა. აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებით, გადაწყვეტილება ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.