ღამის განმავლობაში უკრაინის უმეტეს რეგიონში განგაშის სიგნალი ჩაირთო, აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვსა და მიკოლაევში
გასული ღამის განმავლობაში უკრაინის უმეტეს რეგიონში განგაშის სიგნალი ჩაირთო, რის შემდეგაც, აფეთქებების ხმა გაისმა ხარკოვსა და მიკოლაევში. ორივე ქალაქი აქტიურად იბომბება.
დონეცკის ოლქში ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. მათგან სამი მარინკაში, ორი კი უგლედარში.
მძიმე ვითარებაა ლუგანსკშიც. ოკუპანტებმა დასახლება პოპასნაზე იერიში განახორციელეს. ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეები არიან ჩარჩენილი, რომლებიც ევაკუაციას განუწყვეტელი სროლის გამო ვერ ახერხებენ. სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც რუს სამხედროებს ავალებენ, პოპასნაში ტყვედ ჩავარდნილი სამხედროები დახვრიტონ.
საბრძოლო მოქმედებები გრძელდება რუბეჟნოეს დასაკავებლად. ოკუპანტებმა ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მის მეზობლად მდებარე სოფელი კრემინა დაიკავეს.
ალექსეი არესტოვიჩის თქმით, რუსულმა ძალებმა დონბასზე აქტიური იერიში დაიწყეს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი პროგნოზირებს, აქტიური ფაზა 9 მაისამდე გასტანს.