კურორტ გოდერძიზე სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
კურორტ გოდერძიზე სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ზამთრის კურორტ გოდერძიზე  დღეს სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სასტუმროები, კოტეჯები და სათხილამურო ტრასები დამსვენებლის მისაღებად მზად არის.

„განსაკუთრებით მახარებს, რომ რთული კლიმატური პირობების ფონზეც კი, აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა. ტურისტები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთიდან აქტიურად ინტერესდებიან გოდერძით, ხულოთი და დარწმუნებული ვარ, ეს შექმნის პირობებს, რომელიც თითოეულ ხულოელს ეკადრება და მთელ აჭარას სჭირდება. ამიტომაც, მთელ გუნდთან ერთად დაინტერესებული ვარ, კიდევ უფრო განვავითაროთ და ის უნდა გახდეს მსოფლიო დონის კურორტი”,-განაცხადა სეზონის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ

კურორტზე არის 8 კილომეტრი სიგრძის სათხილამურო ტრასა, რომელსაც ორი საბაგირო ემსახურება. ამ ეტაპზე დამსვენებლებს ექვსი თანამედროვე ტიპის კოტეჯი, ორი სასტუმრო და კვების ობიექტები ემსახურება.

ხულოს მუნიციპალიტეტში პარალელურად იგეგმება სხვა სიახლეებიც. 2019 წელს  გზების კეთილმოწყობისთვის დაახლოებით 9 მლნ ლარი დაიხარჯება. დასრულდება გოდერძის უღელტეხილიდან მწვანე ტბამდე გზის რეაბილიტაცია. დაგეგმილია ასევე, მწვანე ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

დაიწყება მუშაობა ბეშუმის განაშენიანებაზე, რისთვისაც 2019 წლის ბიუჯეტში ნახევარი მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია. აღნიშნული პროექტი კერძო და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ახალი ტურისტული ადგილების განვითარებას შეუწყობს ხელს.