გერმანულმა გამოცემამ ავსტრიის ვიცე-კანცლერისა და რუსი ოლიგარქის საიდუმლო შეხვედრის ვიდეო გაავრცელა
გერმანულმა გამოცემამ ავსტრიის ვიცე-კანცლერისა და რუსი ოლიგარქის საიდუმლო შეხვედრის ვიდეო გაავრცელა

გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა“ ავსტრიის ვიცე-კანცლერისა და რუსი ოლიგარქის საიდუმლო შეხვედრის ვიდეო გაავრცელა.

„შპიგელის“ მიერ გასაჯაროებულ კადრებში ჩანს, რომ ვიცე-კანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე კიდევ ერთ პოლიტიკოსთან ერთად, რუს ინვესტორს ესაუბრება და პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა კონტრაქტის გაფორმებას პირდება.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, საიდუმლო ვიდეო 2017 წელს, ავსტრიაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ არის გადაღებული. გავრცელებული ცნობით, პოლიტიკოსებსა და რუს ინვესტორს შორის შეხვედრა ესპანეთის კუნძულ იბიცაზე შედგა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, ჩანაწერში რუსი ინვესტორი პოლიტიკოსებს ერთ-ერთი ავსტრიული გაზეთის აქციების ყიდვას სთავაზობს. საპასუხოდ კი, ვიცე-კანცლერი მხარდაჭერას ჰპირდება და ამბობს, რომ მას უნგრეთის პრემიერი-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მსგავსი მედიის შექმნა სურს.

ვიდეომასალა ავსტრიის მმართველ კოალიციაში არსებული დაძაბულობის ფონზე გასაჯაროვდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავსტრიის კანცლერი, სებასტიან კურცი დღეს მოგვიანებით გაკეთებს.