გერმანული მხარე საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაში დახმარებისთვის მადლობას უხდის
გერმანული მხარე საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაში დახმარებისთვის მადლობას უხდის

გერმანული მხარე საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაში დახმარებისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ განცხადებები გერმანიის საელჩოსა და ბავარიის პოლიციის წარმომადგენლებმა საქართველოს პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთეს.

„გასული დღეების განმავლობაში ჩატარდა ძალიან წარმატებული სპეცოპერაცია საქართველოს და გერმანიის სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობით. ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული ტრანსნაციონალური საერთაშორისო კრიმინალური ბანდებისა და დაჯგუფებების შესაპყრობად. ეს შესაძლებელი იყო არაჩვეულებრივი შესანიშნავი თანამშრომლობის წყალობით ორივე ქვეყანაში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქართველ პარტნიორებს განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი, მაღალპროფესიონალური და შესანიშნავი მომზადებისა და ჩვენი გერმანული მხარის წარმომადგენლობისთვის ადგილზე. თითოეულ ჩვენგანს ვუსურვებ ბევრ ასეთი ტიპის წარმატებას“, – განაცხადა გერმანიის ელჩის მოადგილემ.

ბავარიის პოლიციის დეტექტივის, საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელის, პეტერ დაინცერის თქმით, ის, გერმანიის პოლიციის სხვა თანამშრომლებთან ერთად, საქართველოში ჩატარებულ სპეცოპერაციაში იღებდა მონაწილეობას.

„მეც მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შესანიშნავი და მაღალი პროფესიული თანამშრომლობისთვის. ხაზი მინდა, გავუსვა, რომ თითოეულმა ქართველმა კოლეგამ, რომელიც მონაწილეობას იღებდა აღნიშნულ სპეცოპერაციაში, მაღალი მოტივაციითა და მაღალი პროფესიონალიზმით ხელი შეუწყო აღნიშნული სპეცოპერაციის წარმატებულად განხორციელებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გერმანიის ფედერალური კრიმინალისტიკური სამსახურის მეკავშირე ბიუროსთან თანამშრომლობა თბილისში, ჩხრეკის ღონისძიებების წარმატებულად ჩატარება. ასევე განხორციელებული დაკავებები არის არაჩვეულებრივი თანამშრომლობის შედეგი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს კომპეტენტური ორგანოები და პროკურატურა“, – განაცხადა ბავარიის პოლიციის წარმომადგენელმა.

პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა, დაკავებულია შვიდი პირი.