გერმანული მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელის სამთავრობო ბლოკი განხეთქილების ზღვარზეა
გერმანული მედიის ინფორმაციით, ანგელა მერკელის სამთავრობო ბლოკი განხეთქილების ზღვარზეა

ანგელა მერკელის სამთავრობო ბლოკი განხეთქილების ზღვარზეა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ამის მიზეზი გერმანიის კანცლერს და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის მიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებული უთანხმოებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარტია „ქრისტიანულ-სოციალური კავშირი“, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი ხელმძღვანელობს, ანგელა მერკელის „ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირთან“ ფორმირებულ საპარლამენტო კოალიციიდან გასვლის საკითხს განიხილავს.

კანცლერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის უთანხმოებას გერმანიაშუ ლტოლვილთა ნაკადის შემცირებისკენ მიმართული „გენერალური გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი იწვევს. ზეეჰოფერი აპირებს, მესაზღვრეებს მისცეს უფლება, გერმანიაში საერთოდ არ შეუშვას ევროკავშირის სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული ლტოლვილი. ამის საფუძვლად კი დუბლინის შეთანხმებას ასახელებს, რომლის მიხედვითაც მიგრანტმა თავშესაფარი ევროკავშირის იმ ქვეყანაში უნდა მოითხოვოს, სადაც პირველად ჩავიდა.

გერმანიის კანცლერის ოფისში კი მიიჩნევენ, რომ დუბლინის რეგლამენტი მთელ რიგ გამონაკლისს ითვალისწინებს, მათ შორის, თუ მიგრანტი ქვეყანაში ოჯახთან გასაერთიანებლად ჩადის.

გერმანული მედიის ცნობით, ანგელა მერკელი შინაგან საქმეთა მინისტრს კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს – არ შეუშვან საზღვარზე ის მიგრანტები, რომლებსაც ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოში უკვე ეთქვათ უარი თავშესაფარზე.

ამგვარად, სამი თვის წინ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბებული საპარლამენტო კოალიცია დაშლის პირასაა. ზოგიერთი პოლიტიკოსი ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას არ გამორიცხავს.