გერმანული მედია - ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საარჩევნო დაპირება, შესაძლოა, უკრაინისთვის „ტაურუსის“ რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმას მოიცავდეს
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საარჩევნო დაპირება, შესაძლოა, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი „ტაურუსის“ რაკეტების მიწოდებაზე უარის თქმას მოიცავდეს. ამის შესახებ გერმანული მედია წერს, რომელიც „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საარჩევნო პროგრამას გაეცნო.
როგორც ირკვევა, შოლცის პარტია მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო დახმარებას გონივრულად და ზომიერად, მაგრამ ისე, რომ გერმანია და ნატო ომის მხარედ არ იქცნენ.
გერმანული მედია წერს, რომ ეს ასევე ნიშნავს უარს „ტაურუსის“ მიწოდებაზე, რომელსაც უკრაინა, უკვე ერთი წელია, გერმანიისგან ითხოვს.
„სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ საარჩევნო პროგრამაში არაფერია ნათქვამი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მიმდინარე დისკუსიაზე ან უკრაინის უსაფრთხოების სხვა გარანტიებზე.
მედიის ცნობით, სხვა საკითხებთან ერთად, შოლცის პარტია მხარს უჭერს თავდაცვაზე მშპ-ის არანაკლებ 2%-ის გამოყოფას და გერმანიაში აშშ-ის ფრთოსანი რაკეტების, Tomahawk-ების განთავსებას. ამასთან, პარტია მხარს უჭერს სამხედრო სამსახურის ახალ, მაგრამ ნებაყოფლობით მოდელს.
საარჩევნო პროგრამას „სოციალ-დემოკრატები“ 17 დეკემბერს პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ.