გერმანული მედია – ფრიდრიხ მერცის პარტია შესაძლოა, კიდევ ერთი რეგიონის არჩევნებში პარლამენტის გარეთ აღმოჩნდეს

20:54, 12.09.2026

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტია შესაძლოა, კიდევ ერთი რეგიონის არჩევნებში პარლამენტის გარეთ აღმოჩნდეს.

მერცის კონსერვატორები შეშფოთებულნი არიან, რომ შესაძლოა, მათ არ ჰქონდეთ საკმარისი ხმები მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონის პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად მომავალ არჩევნებში. პარტიებმა ფედერალური მიწის პარლამენტში ან ფედერალურ პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად ხმების, სულ მცირე, 5 პროცენტი უნდა მოიპოვონ.

„არსებობს შეშფოთება, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას“, – განაცხადა მარკ რაინჰარდტმა, ამ რეგიონის პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ.

ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირს, 7-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფედერალურ ან რეგიონის არჩევნებში ყველაზე ცუდი შედეგი იქნება პარტიისთვის, რომელიც გერმანიის ორი ტრადიციული „სახალხო პარტიიდან“ (Volksparteien) ერთ-ერთად მიიჩნევა. პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამოკითხვებში დაახლოებით 35-37 პროცენტით ლიდერობს. სოციალ-დემოკრატები (SPD), რომლებსაც რეგიონის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მანუელა შვეზიგი ხელმძღვანელობს, დაახლოებით 34 პროცენტით მეორე ადგილს დაიკავებენ.

მეკლენბურგ-წინა პომერანიაში რეგიონული არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება. გერმანული მედიის ინფორმაციით, კანცლერის პოპულარობა მკვეთრად ეცემა: ამჟამად გერმანელთა მხოლოდ 14 პროცენტი მიიჩნევს, რომ ფრიდრიხ მერცი ამ თანამდებობისთვის შესაფერისი კანდიდატია.

მსგავსი