გერმანული მედია - ევროკავშირი თავდაცვის ხარჯებისთვის და უკრაინის დასახმარებლად 700 მილიარდი ევროს ღირებულების პაკეტის გამოყოფას განიხილავს
ევროკავშირი განიხილავს თავდაცვის ხარჯების და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მასშტაბურ გეგმას, რომლის ღირებულებამ, შესაძლოა, 700 მილიარდ ევროს მიაღწიოს. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირი ამზადებს უპრეცედენტო მასშტაბის ფინანსურ პაკეტს ევროპის უსაფრთხოებისთვის. მისი თქმით, ეს პაკეტი მასშტაბით, შეიძლება, გაუტოლდეს კორონავირუსის პანდემიის დროს გამოყოფილ დახმარებებს.
მედიის ცნობით, პაკეტის დეტალები არ გამოცხადდება გერმანიის არჩევნებამდე, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ანალენა ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია უკრაინისთვის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები, ძლიერი ნატო და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლა.
გერმანული მედიის ცნობით, ახალი დახმარების პაკეტი, შესაძლოა, დაფინანსდეს ერთობლივი სესხის მეშვეობით, კოვიდ-19 პანდემიის დროს შექმნილი ფონდის მსგავსად.