გერმანული მედია - ჩინეთი, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში, უკრაინაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნის საკითხს ევროკავშირთან განიხილავს
გერმანული მედია - ჩინეთი, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში, უკრაინაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნის საკითხს ევროკავშირთან განიხილავს

ჩინეთი, „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში, უკრაინაში მშვიდობისმყოფელების გაგზავნის საკითხს ევროკავშირთან განიხილავს. როგორც გერმანული მედია წერს, ჩინელი დიპლომატები ამის შესახებ მოლაპარაკებებს ბრიუსელში აწარმოებენ.

ევროკავშირის დიპლომატიურ წრეებში მიაჩნიათ, რომ პეკინის პოტენციურმა ჩართვამ მშვიდობისმყოფელთა მისიაში, შესაძლოა, დაარწმუნოს რუსეთი, დათანხმდეს უკრაინაში უცხოური სამშვიდობო მისიის განლაგებას.

ე.წ. მსურველთა კოალიციის ფარგლებში მშვიდობისმყოფელების უკრაინაში შესაძლო გაგზავნის შესახებ პირველად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებმა განაცხადეს.

მოგვიანებით კი ამ ინიციატივას 30-ზე მეტი სახელმწიფო შეუერთდა, რომელთაც ასევე გამოთქვეს სურვილი, შეუერთდნენ სამშვიდობო ძალისხმევას. მათ შორის მოიაზრება თურქეთი, კანადა და ავსტრალია. თუმცა მოსკოვში ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან სამშვიდობო კონტინგენტის უკრაინაში გაგზავნის საკითხს აბსურდად აფასებენ.