გერმანულ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ უკიდურესად მძიმეა 46 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობის აივნიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავდა
გერმანულ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ უკიდურესად მძიმეა 46 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობის აივნიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავდა

46 წლის მამაკაცი, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობის აივნიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავდა, გერმანულ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება და მართვით სუნთქვაზეა.

„მამაკაცს აღენიშნება სხეულის მრავლობითი დაზიანება და ტრავმული შოკი, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, სხივისა და იდაყვის მოტეხილობა. პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ზოგადი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“, – განაცხადა გერმანული ჰოსპიტლის მიმღები გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნანა ჩხიკვაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობის აივნიდან გადმოხტა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციაში შემაკავებელი ორდერის გამოსაწერად იყო მიყვანილი.